საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას პროცესზე ჩამოთვალა საქმეები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა.

ევა გოცირიძის თქმით, ამ საქმეებს რამდენიმე გარემოება აერთიანებს – მონაწილეობდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები, არც ერთი საქმის განხილვა, გირგვლიანის საქმის გარდა, არ მომხდარა ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, განაჩენები 2012 წლის შემდეგ დადგა, მსჯავრდებულები დაჯილდოვდნენ პრეზიდენტის მიერ.

გოცირიძის კითხვა იყო – „ამ ყველაფერში ვინ არის დამნაშავე, მმართველი პარტია არ არის ამაში დამნაშავე საერთოდ?“ და უნდა „შეერაცხოს“ თუ არა ენმ-ს ეს დანაშაულებრივი ფაქტები.

მოგვიანებით ევა გოცირიძემ ცალკე გამოყო გირგვლიანის საქმე. საპასუხოდ ანი წითლიძემ თქვა:

„გირგვლიანის აქციების დროს მე მაგ აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, რადგან ვთვლიდი, რომ არ იყო სწორი. მაგრამ გირგვლიანის საქმის გადაწყვეტილების მიმღები, რასაც მე დღესაც ვაპროტესტებ, რომელიც იყო ლევან მურუსიძე, რომელიც დღესაც არის სასამართლო სისტემაში… თქვენი კითხვის პასუხად არის ეს, როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ იმ დროს მომხდარი თუნდაც შეცდომები, გადაცდომები, კონკრეტული პასუხისმგებლობები, რაც მათ შორის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, ქალბატონო ევა, განაზოგადოთ მთელ ნაციონალურ მოძრაობაზე, მათ შორის ისეთ ადამიანებზე რომლებიც საერთოდ 2012 წლიდან ვართ ნაციონალურ მოძრაობაში… ჩემთვის მაშინაც იყო, ქალბატონო ევა, მაგრამ ლევან მურუსიძისთვის არც მაშინ იყო, არც ახლა არის“.

აღნიშნულ საკითხზე განმარტება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, რომლის აზრითაც, გირგვლიანის საქმის განხილვისას საქმის შინაარსია მთავარი და არა კონკრეტული მოსამართლე:

„კონკრეტულ მოსამართლეს ახსენებთ და იმ მოსამართლემ, მე როგორც მახსოვს, წარდგენილი ბრალი, რაც სახელმწიფომ იმ დროს პროკურატურის სახით წარადგინა, და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და განსაზღვრა სასჯელი. გირგვლიანის საქმის განხილვისას საქმის შინაარსია მთავარი და არა კონკრეტული მოსამართლე. მუდმივად თუ აპელირება მოხდება კონკრეტულ მოსამართლეზე… ტრაგიკული უწოდეთ, თქვენი ახსნა-განმარტება რომ დაიწყეთ, გირგვლიანის საქმეს, მართლაც, აი, იმ საქმის ტრაგიკულობა. და რა ამოხდა იმ საქმეში, ეგ უფრო მნიშვნელოვანია თუ იმ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და განსაზღვრა სასჯელი? საქმის შინაარსზე ისაუბრეთ“, – თქვა ნადარაიამ.

ანი წითლიძის განცხადებით, თუ ენმ-ის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს გირგვლიანის საქმე, მაშინ „ლევან მურუსიძე არ უნდა გყავდეთ სასამართლო სისტემაში“.


სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი.
სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარში დაწყებული კონფლიქტი.
ამ კონფლიქტის მონაწილეთა ერთ ჯგუფთან იმყოფებოდა იმდროინდელი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია. სალაყაიას რაიმე სახის ბრალეულობაზე არ უსაუბრია არც იმდროინდელ გამოძიებას და არც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ განახლებულ გამოძიებას.
გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელშიც წერია:
“სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“