„საქართველოს პროკურატურაში ჩემი საქმიანობა დასრულდა. […] მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ვისგანაც ვისწავლე და ვისი მხარდაჭერაც არაერთხელ მიგრძნია. დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში განსხვავებული მიმართულებით გამოვიყენებ“, – წერს გიორგი ნადირაძე.
„პროკურატურა ელისო ჯარიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ გახდა იძულებული, ნაჩქარევად შეეთითხნა საქმე და ამ ქაოსში გამოგონილი ე.წ. მტკიცებულებები იმდენად სასაცილოა და არასერიოზულია, წესით, არცერთი თავმოყვარე პროკურორი (თუ ასეთი კიდევ დარჩა მანდ), ამას ხელს არ უნდა აწერდეს.
სასამართლოს სხდომებიც იმ მიზეზით დახურეს, რომ ამ საქმეში არსებულ აბსურდულ “მასალებზე” საჯაროდ არ გველაპარაკა, დაზარალებულებს აგვიკრძალეს მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაცია იმ საბაბით, თითქოს სპეცრაზმელების ვინაობას იცავდნენ მათივე უსაფრთხოებისთვის. არაფერი შეიცვალა არც მას შემდეგ, რაც თითოეული სპეცრაზმელის ვინაობა გასაჯაროვდა.
სხდომების დახურვისთვის გამოგონილი ეს არგუმენტი დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ პროკურატურა სასამართლო განხილვებს მაინც დახურულ რეჟიმში ტოვებს“, – წერს როგავა.
„არ ვიცი, ახლა ვინ გადაიბარებს ჩემი და ზვიადის საქმეს, მაგრამ ვინც არ უნდა იყო, ზუსტად იცოდე, ადრე თუ გვიან, მაინც დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს და ყველა გამომძიებელს, პროკურორს მოვკითხავთ, რატომ გააყალბეს მტკიცებულებები“, – წერს ჟურნალისტი.
7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
გენერალური პროკურორის განცხადებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული 7 მაისს დააკავეს.
თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
