საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აზერბაიჯანის ხელისუფლებას Meydan TV-ის საქმის ფარგლებში დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია სამი ჟურნალისტის – Meydan TV-ის მთავარი რედაქტორის, აინურ ელგუნეშის, ჟურნალისტ აითაჯ თაფდიგისა და რედაქტორ შემშად აღას – ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საპატიმროში მათ სათანადო სამედიცინო დახმარება არ მიეწოდებათ.

ორგანიზაციის განცხადებით, ელგუნეში, რომელსაც თირკმლის სერიოზული პრობლემა აქვს, 18 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმებმა მას გადაუდებელი ოპერაცია ურჩიეს, თუმცა ამ დრომდე არ ჩატარებულა. 26 ოქტომბერს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ მისი შინაპატიმრობაში გადაყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

Amnesty International-ის ცნობით, აითაჯ თაფდიგი 22 თვეზე მეტია საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, ხოლო კუჭის წყლულის მქონე შემშად აღას მკურნალობა ესაჭიროება.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს Meydan TV-ის საქმის სხვა დაკავებული ჟურნალისტების მიმართ პოლიციისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. მათ შორის, ულვია ალი (გულიევა) აცხადებს, რომ ორჯერ დაემუქრნენ სექსუალური ძალადობით და სცემეს; აისელ უმუდოვა – სექსუალურ შევიწროებაზე, ხაიალე აღაევა – ფსიქოლოგიურ, ხოლო ნურლან ლიბრე (გაჰრამანლი)  ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ბრალდებებზე ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა.

Amnesty International-ის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 12 ოქტომბერს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურმა  12 ბრალდებულის წინააღმდეგ 79 089 მანათის ოდენობის სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. ორგანიზაციის შეფასებით, სარჩელში არ არის განმარტებული თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, მათ შორის- თანხის განაწილება.

უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობის გამო პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით იდევნებიან. Amnesty International-ის ცნობით, 2023 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანში დაახლოებით 30 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელია დაკავებული.

ორგანიზაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ჟურნალისტები, უზრუნველყოს მათი სათანადო სამედიცინო დახმარება და დამოუკიდებლად გამოიძიოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები. კამპანია 2027 წლის 30 იანვრამდე გაგრძელდება.

Meydan TV-ის საქმეზე პირველი დაკავებები 2024 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. ამჟამად საქმეზე 12 პირი არის ბრალდებული. მათ ბრალად კონტრაბანდა და სხვა დანაშაულები ედებათ, თუმცა ბრალდებებს არ აღიარებენ და დაკავებას ხელისუფლების კორუფციისა და სხვა დარღვევების შესახებ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ