პროკურატურის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ახალი სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ეს პირველი სხდომაა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი პერსონალურად დაესწრო.

სხდომა ისე დაიხურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადების გაკეთება ვერ მოასწრო, მხოლოდ სხდომის არდახურვა ითხოვა.

„მინდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო ჩემი განმარტებები [აქ შეაწყვეტინეს და განუმარტეს, რომ მხოლოდ სხდომის დახურვა-არდახურვაზე შეეძლო საუბარი]. რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას. მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ და დაინახოს ხალხმა ბრალდების აბსურდულობა. მოგმართავთ თხოვნით, რომ არ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დახურვამდე.

სანამ დამსწრეებს დარბაზს დაგვატოვებინებდნენ, ის თითქმის სავსე იყო. სხდომას დაესწრო ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე. ყოფილი თანაგუნდელებიდან სასამართლოში არავინ გამოჩენილა ელდარ ლუკა კურტანიძისა და რატი ბრეგაძის გარდა. კურტანიძე ირაკლი ღარიბაშვილის შემოსვლას ტაშით შეხვდა და მოსამართლის შენიშვნას უპასუხა იმით, რომ „ერისკაცი შემოვიდა“ და უნდა მისალმებოდა.

ფაქტობრივად სულ ეს იყო, რისი მოწმეც სასამართლოში გავხდით.

პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით დაასაბუთა იმით, რომ ეს ემსახურება პერსონალური ინფორმაციის, პროფესიული საიდუმლოს (უნდა დაიკითხოს არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი), ბრალდებულის და მისი ოჯახის დაცვის მიზნებს.

შუამდგომლობა სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთვის წერილობით არ მიუწოდებიათ და ეს მოსამართლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. პროკურორის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები.

„არ უნდა გაიგოს სიმართლე, განცხადებები, რისი თქმაც პირადად უნდა. არავითარი საიდუმლო ამ საქმეში არ არის. შუამდგომლობა სასამართლოში არ შემოსულა აქამდე იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სხდომას დაესწრებოდა“, — თქვა ერთმა ადვოკატმა, ლილიკო გელაშვილმა.

„საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, პირდაპირ ჰქონდეს შემხებლობა იმ პროცესთან, სადაც მისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სამართლდება. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია პროკურატურის შუამდგომლობა. თუ რომელიმე მოწმის ჩვენება შეიცავს სენსიტიურ ინფორმაციას, ის კონკრეტული სხდომა დაიხუროს“, — განაცხადა მეორე ადვოკატმა, ლალი აფციაურმა.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

ღარიბაშვილი პატიმრობას იხდის სხვა ანუ მეორე საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფავორიტი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ საქმეში ბრალს არ აღიარებს.

„მხოლოდ სულელი ან მდინარაძისნაირი „ვირთხა“ დაიჯერებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარი გაძარცვა” — თქვა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტებთან.

კურტანიძემ, რომელიც „ოცნების“ დამფუძნებელთა რიგებში იყო წლების წინ, ერისკაცებად მოიხსენია ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, მისი რწმენით, შეცდომაშია შეყვანილი. მამუკა მდინარაძის მიმართ კი არ დაუშურებია ისეთი ეპითეტები, როგორიცაა „მკვდარზე უარესი“, „პავლიკა მოროზოვი“.