3 ნოემბერს ათობით მილიონი ამერიკელი აშშ-ის 120-ე კონგრესის წარმომადგენლებს აირჩევს.

აშშ-ის არჩევნების მიმომხილველთა ნაწილი „ლურჯი ცუნამის“ მოლოდინშია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დემოკრატებს სიფრთხილის საფუძველიც აქვთ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლა თავის ბოლო საარჩევნო გამოცდას გადის, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს როგორი იქნება მისი თანამდებობაზე დარჩენილი  ორი წელი.

ამ სტატიაში ვხსნით, რა არის ამერიკის შუალედური არჩევნები და რას უნდა ველოდოთ.

რა არის შუალედური არჩევნები?

აშშ-ის კონგრესი ორი პალატისგან შედგება: წარმომადგენელთა პალატა (ქვედა პალატა) და სენატი (ზედა პალატა).

წარმომადგენელთა პალატა 435 -ადგილიანია და მისი წევრები 2 წლის ვადით აირჩევიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მიუხედავად იმისა, საპრეზიდენტო წელია თუ შუალედური არჩევნების, ქვედა პალატის სრული შემადგენლობის თავიდან არჩევა ხდება.

რაც შეეხება სენატს, ის 100 წევრისგან შედგება. თითოეულ შტატს, მიუხედავად მისი ზომისა, ორი სენატორი ჰყავს. ზედა პალატის წევრებს ანუ სენატორებს 6-წლიანი ვადით ირჩევენ, თუმცა ასივე სენატორის ერთდროულად არჩევა არ ხდება. სენატის შემადგენლობის დაახლოებით ერთი მესამედი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ირჩევა. სენატორების ნაწილ-ნაწილ არჩევა უზრუნველყოფს იმას, რომ სენატი ერთბაშად არ შეიცვალოს. ამიტომ შუალედურ (ან საპრეზიდენტო) არჩევნებზე სენატის მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი (33 ან 34 სენატორი) იცვლება.

გარდა ამისა, არჩევნები ტარდება შტატის დონის პოზიციებისთვის, როგორიცაა გუბერნატორები და გენერალური პროკურორები.

საპრეზიდენტო წლის გარეთ ჩატარებულ ამ არჩევნებს „შუალედურს“ უწოდებენ, რაც პრეზიდენტის ოთხწლიანი ვადის დაახლოებით შუა წერტილს აღნიშნავს.

2024 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელები „სამმაგ კონტროლს“ ფლობენ — აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას, სენატს და პრეზიდენტიც რესპუბლიკელია. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა პრეზიდენტს თანამედროვე ამერიკის ისტორიაში გარკვეულ ეტაპზე ჰყოლია ისეთი კონგრესი, რომლის ერთ-ერთ ან ორივე პალატასაც ოპოზიციური პარტია აკონტროლებდა.

წარმომადგენელთა პალატა

წარმომადგენელთა პალატის წევრები ორწლიანი ვადით აირჩევიან, რათა წარმოადგინონ 435 საარჩევნო ოლქიდან ერთ-ერთი. თითოეულ შტატს გარანტირებული აქვს მინიმუმ ერთი ადგილი, ხოლო დანარჩენი მანდატები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პალატაში შტატების წარმომადგენლობა მკვეთრად განსხვავდება ქვეყნის მასშტაბით: ისეთი შტატები, როგორიცაა კალიფორნია (52 ადგილი) და ტეხასი (38 ადგილი), მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობით გამოირჩევიან, ხოლო ისეთ პატარა შტატებს, როგორიცაა ალასკა, დელავერი, ჩრდილოეთი დაკოტა, სამხრეთი დაკოტა, ვერმონტი და ვაიომინგი, პალატაში თითო-თითო ადგილი უკავიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში წარმომადგენელთა პალატის ყველა, ანუ 435-ვე ადგილია საარჩევნო ბიულეტენში, რეალურად ორ ათეულზე ნაკლები ადგილი ითვლება სადავოდ (ანუ თანაბარ შანსიანად). მიზეზი „ჯერიმენდერინგია“ – არსებული საარჩევნო ოლქების საზღვრების ხელოვნური გადაწევა პოლიტიკური მიზნებისთვის, რამაც მკვეთრად შეამცირა კონკურენტული ოლქების რაოდენობა.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ 218 ადგილი უნდა მიიღოს. ამჟამად რესპუბლიკურ პარტიას ბოლო თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ყველაზე მყიფე უმრავლესობა აქვს (219 მანდატი).  დემოკრატიულ პარტიას კი, რომელსაც ამჟამად 214 მანდატი აქვს, პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად სულ რაღაც 4 ადგილით მეტის მოპოვება  სჭირდება.

ფოტო: The United States Studies Centre

სენატი

აშშ-ის სენატორები ექვსწლიანი ვადით აირჩევიან. ეს ნიშნავს, რომ ამ საარჩევნო ციკლზე სენატის ადგილების მხოლოდ ერთი მესამედის, ფლორიდასა და ოჰაიოში ჩატარებული ორი რიგგარეშე არჩევნების გათვალისწინებით, ჯამში 35 ადგილისთვის გაიმართება კენჭისყრა.

ამჟამად რესპუბლიკელებს სენატში 53 ადგილი აქვთ, ხოლო დანარჩენი მანდატები დემოკრატებსა (45) და მათ დამოუკიდებელ მოკავშირეებს (2) ეკუთვნით.

ზედა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად დემოკრატიულ პარტიას 51 ადგილის მოპოვება სჭირდება, რადგან ხმების 50/50-ზე გაყოფის შემთხვევაში, სენატში უმრავლესობის ბედს რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხმა გაწყვეტს (რესპუბლიკელთა სასარგებლოდ). ვინაიდან, აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი ავტომატურად იკავებს სენატის თავმჯდომარის თანამდებობას. მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტი არ არის სენატის წევრი და ყოველდღიურ საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებს, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, ჩაერთოს კენჭისყრაში მხოლოდ მაშინ, როდესაც ხმები სენატში ზუსტად ორად იყოფა. ამ დროს მისი ხმა ხდება გადამწყვეტი და იმ მხარეს იხრება, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგენს. ამიტომ, თუ სენატში 50/50-ზე პარიტეტი იქნება, რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი რესპუბლიკელების მხარეს დაიჭერს, რაც მათ ფორმალურ უპირატესობას შეუნარჩუნებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად დემოკრატებს მანდატების სულ მცირე 4 ადგილით გაზრდა სჭირდებათ, ანუ 4 ახალი ადგილის მოპოვება და ისეთი მერყევი შტატების შენარჩუნება, როგორიცაა მიჩიგანი (სადაც ორივე პარტიას გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს და გამარჯვება წინასწარ გარანტირებული არ არის).

ფოტო: The United States Studies Centre

 შტატების დონის არჩევნები

კონგრესის ფედერალური არჩევნების გარდა, შტატების დონის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების შესარჩევადაც გაიმართება კენჭისყრა:

  • გუბერნატორები: ამ არჩევნებზე კენჭისყრა 36 გუბერნატორის ასარჩევად ჩატარდება. გუბერნატორები ხელმძღვანელობენ თავიანთი შტატის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ისინი ამზადებენ შტატის ბიუჯეტს, აწერენ ხელს კანონმდებლობას ან ადებენ ვეტოს და ბევრ შტატში პასუხისმგებელნი არიან მოსამართლეების, კაბინეტის წევრებისა და შტატის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დანიშვნაზე.
  • შტატის სახელმწიფო მდივნები (არჩევნებისა და ადმინისტრაციული საკითხების ხელმძღვანელები): 26 შტატი აირჩევს თავის სახელმწიფო მდივანს, რომელთაგან 23-ში შტატის მთავარი საარჩევნო ოფიციალური პირია და არჩევნების ჩატარების პროცესს ზედამხედველობს.
  • გენერალური პროკურორები: მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ეს საარჩევნო ციკლი შტატების გენერალური პროკურორების უპრეცედენტო ცვლილებით გამოირჩევა — 31 შტატი (კოლუმბიის ოლქის ჩათვლით) თავის მთავარ იურისტს აირჩევს. ისინი საკვანძო ფიგურები არიან შტატის კანონების რეგულირებასა და აღსრულებაში, ასევე ფედერალური ქმედებების გასაჩივრებაში.
  • სახალხო ინიციატივები (ბიულეტენის საკითხები): ბევრი ამომრჩეველი ასევე პირდაპირი წესით მისცემს ხმას შტატების კანონებში ან კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. შტატების საკანონმდებლო ორგანოთა ეროვნული კონფერენციის თანახმად, წელს ამომრჩევლებს 146 წინადადება წარედგინება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აბორტი, საარჩევნო ოლქების გადაწევა, გადასახადები და არჩევნების ჩატარების წესი.

რას უნდა ველოდოთ?

1930-იან წლებიდან მოყოლებული, შუალედურ არჩევნებზე პრეზიდენტის პარტია წარმომადგენელთა პალატაში საშუალოდ 27 ადგილს კარგავს. მაგალითად, ტრამპის პირველი ვადის დროს, 2018 წელს, რესპუბლიკელებმა ქვედა პალატაში 41 მანდატი დაკარგეს. თანამედროვე ისტორიაში მხოლოდ ორი გამონაკლისი არსებობს — 1998 წელს (ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას) და 2002 წელს (ჯორჯ ბუშის დროს), როდესაც პრეზიდენტმა შეძლო და შუალედურ არჩევნებზე მისი პარტიის წარმომადგენლობა გაზარდა.

საარჩევნო მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ წელს დემოკრატების მიერ წარმომადგენელთა პალატაზე სრული კონტროლის აღება უკვე გადაწყვეტილი ამბავია. მოსალოდნელია, რომ დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში მინიმუმ 5-დან 30-მდე ახალ ადგილს მოიპოვებენ, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ტრამპის მეორე ვადის დარჩენილი პერიოდისთვის კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლი დაამყარონ.

თუმცა, აშშ-ის  სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის შეცვლა უფრო რთული იქნება და, სავარაუდოდ, დაახლოებით, 7 უკიდურესად დაძაბული და თანაბარშანსიანი ოლქის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. Cook Political Report-ის ანალიზის თანახმად, ამ 7 ოლქში შედეგი ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს. ამ თანაბარშანსიანი ოლქებიდან ამჟამად 6-ის მანდატს რესპუბლიკელები ფლობენ, ერთისას კი — დემოკრატები.

ფოტო: Cook Political Report, 30 Oct /BBC

სენატზე კონტროლის დასამყარებლად და 51 მანდატის მოსაპოვებლად, დემოკრატებს სჭირდებათ, მოიგონ აღნიშნული 7 ოლქიდან 4 და დამატებით შეინარჩუნონ ის 4 სარისკო მანდატიც, რომლებიც ამჟამად დემოკრატ სენატორებს უკავიათ, მაგრამ დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ სენატში უმრავლესობის მოპოვება დემოკრატებისთვის ადვილი ამოცანა არ არის. ვიდრე ისინი სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად რესპუბლიკელებისთვის 4 ახალი ადგილის „წართმევას“ შეეცდებიან, მათ აუცილებლად სჭირდებათ, რომ თავად არ დაკარგონ იმ 4 შტატის მანდატი, რომლებიც ამჟამად დემოკრატებს აქვთ, მაგრამ ძალიან მერყევია.

მაგალითად, დემოკრატებმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ თავიანთი მანდატი მიჩიგანში, სადაც გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბრძოლა უფრო დაძაბულია, ვიდრე დემოკრატებს ისურვებდნენ: ერთ მხარესაა მემარცხენე აბდულ ელ-საიედი, ხოლო მეორე მხარეს მისი რესპუბლიკელი მეტოქე მაიკ როჯერსი, რომელიც ტრამპის მოკავშირე და ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) ყოფილი აგენტია. გარდა ამისა, დემოკრატებს მოუწევთ ადგილების მოპოვება ისეთ შტატებში, სადაც ტრამპმა 2024 წელს ორნიშნა პროცენტული უპირატესობით გაიმარჯვა, მათ შორის ალასკაში, აიოვასა და ოჰაიოში.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ დემოკრატებს შანსი აქვთ და შედეგები შესაძლოა ისტორიული აღმოჩნდეს თუნდაც ტეხასში, სადაც დემოკრატიულ პარტიას 1994 წლის შემდეგ შტატის მასშტაბით არცერთი თანამდებობა არ მოუგია. ახლა კი ყოფილ მასწავლებელ ჯეიმს ტალარიკოს შეუძლია გახდეს პირველი დემოკრატი, რომელიც 1988 წლის შემდეგ ტეხასის შტატში სენატორის ადგილს მოიპოვებს, თუკი ის დაამარცხებს კენ პაქსტონს, შტატის მოქმედ გენერალურ პროკურორსა და ტრამპის ახლო მოკავშირეს. ასევე, კანზასს თითქმის ერთი საუკუნეა, დემოკრატი სენატორი არ აურჩევია.

თუმცა, დემოკრატიული პარტია კვლავინდებურად არ სარგებლობს დიდი პოპულარობით, საარჩევნო ოლქების ხელოვნურმა გადაწევამ (გადახაზვამ) რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ შეცვალა საარჩევნო რუკა, ამასთან რესპუბლიკელებს ფინანსური უპირატესობა კვლავაც უნარჩუნდებათ. გარდა ამისა, ბოლო შუალედურ არჩევნებზე გამოკითხვების სიზუსტე წინასწარ ვერაფერს გაგვარკვევინებს და ამ ციკლშიც წარმატების გარანტია ვერ იქნება. თითოეულმა ამ ფაქტორმა შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა იქონიოს არჩევნების დღის შედეგებზე.

რა უბიძგებს ამომრჩევლებს საარჩევნო ყუთებისკენ?

შუალედური არჩევნები, საბოლოო ჯამში, მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ნდობის გამოხატვაა (რეფერენდუმია). პრეზიდენტ ტრამპის ამჟამინდელი მოწონების რეიტინგი ისტორიულ  მინიმუმზეა ან მასთან ახლოს დგას.

2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ „დაასრულებდა ინფლაციას და ამერიკას კვლავ ხელმისაწვდომს გახდიდა“, თუმცა ცხოვრების გაძვირების კრიზისი ამომრჩევლისთვის მთავარ და მტკივნეულ პრობლემად რჩება.

ამერიკელთა უმრავლესობა ახლა უკმაყოფილოა პრეზიდენტის საქმიანობით ინფლაციის, ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა და იმიგრაციის საკითხებში. ამერიკელების თითქმის ორი მესამედი აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის. შედარებისთვის, მისი მეორე ვადით ინაუგურაციიდან ერთი თვის თავზე ეს მაჩვენებელი 51%-ს შეადგენდა. The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპი 2025 წელს პრეზიდენტად დაბრუნდა, მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.  მსგავსი მაჩვენებელი 1986 წლის შემდეგ არცერთი სხვა პრეზიდენტის დროს არ დაფიქსირებულა.

ამ უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ცხოვრების გაძვირებაა. ამომრჩევლები ამ საკითხს მუდმივად მთავარ საზრუნავად ასახელებენ, რადგან ამერიკელებისთვის არაპოპულარული ირანის ომი კვლავაც აძლიერებს ინფლაციურ წნეხს.

იმ საკითხებს შორის, რომლებსაც ამომრჩევლები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ასევეა ჯანდაცვა და მიგრაცია. ბოლო პერიოდში ტრამპი მიგრაციის მიმართულებით გატარებულ პოლიტიკას დიდ წარმატებად ასაღებს და არგუმენტად საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბოლო წლებთან შედარებით ბევრად დაბალ მაჩვენებლებს მოიხმობს.

თავის მხრივ, მრავალი დემოკრატი კანდიდატი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ში ჯანდაცვის დაზღვევის მაღალ ტარიფებზე და იმაზე, თუ რა გავლენა იქონია ტრამპის საკანონმდებლო ინიციატივებმა ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობაზე.

არჩევნების შედეგისთვის გადამწყვეტი იქნება აქტივობა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მხარდამჭერთა მოტივაციაში შესაძლოა მნიშვნელოვანი სხვაობა იყოს, რაც ხელს აძლევს დემოკრატებს: კამალა ჰარისის 2024 წლის (დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის) ამომრჩევლების თითქმის ნახევარი (48%) დიდი ენთუზიაზმით ელის შუალედურ არჩევნებს, მაშინ როცა ტრამპის მხარდამჭერებში ეს მაჩვენებელი ერთ მესამედზე ნაკლებია.

რატომ არის შუალედური არჩევნები ტრამპისთვის კვლავ მნიშვნელოვანი?

2025 წლის იანვარში მეორე ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი თითქმის სრულ კონტროლს ინარჩუნებს რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად აშშ-ის საკანონმდებლო ორგანზე. მიმდინარე წლის მაისში მან განაცხადა, რომ „შუალედური არჩევნები არ აინტერესებს“. შუალედური არჩევნების შედეგების მიუხედავად, იგი კვლავაც შეინარჩუნებს ფართო აღმასრულებელ უფლებამოსილებებს, თუმცა რომელიმე პალატაში რესპუბლიკელთა მიერ კონტროლის დაკარგვა დემოკრატებს მრავალ ბერკეტს მისცემს ადმინისტრაციის პოლიტიკური პრიორიტეტების შესაფერხებლად და პრეზიდენტისთვის სერიოზული პოლიტიკური თავის ტკივილის შესაქმნელად.

წარმომადგენლთა პალატაში ან სენატში (ან ორივეში ერთად) დემოკრატიული უმრავლესობის არსებობა მკაცრად შეზღუდავს ტრამპის ადმინისტრაციის საკანონმდებლო პრიორიტეტებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რადგან ნებისმიერი კანონპროექტის მისაღებად მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა გახდება საჭირო. თუ დემოკრატები მოიპოვებენ მნიშვნელოვან ძალაუფლებას სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებზე, შეძლებენ, ფინანსური რესურსების შეკვეცით „დაბლოკონ“ ან შეზღუდონ ადმინისტრაციის უწყებები. განსაკუთრებით სენატზე კონტროლის მოპოვებით, დემოკრატები ასევე შეძლებენ უმაღლეს თანამდებობებზე, პირველ რიგში კი უზენაეს სასამართლოში, ახალი კანდიდატების დანიშვნის დაბლოკვას.

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილი პერიოდისთვის ასევე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ტვირთად შეიძლება იქცეს კონგრესის მიერ ადმინისტრაციის საქმიანობის გამოძიებები.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ უპრეცედენტო, მესამე იმპიჩმენტის პერსპექტივა უკვე აქტიური მსჯელობის საგანია, თუმცა დემოკრატებმა მიანიშნეს, რომ სენატში ამის  დაბალი ალბათობის გათვალისწინებით (ვინაიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სენატში მინიმუმ 67 ხმაა აუცილებელი), შესაძლოა შესაძლოა მიზანში ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ამოიღონ.