ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
უწყება ამბობს, რომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip)
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.
