ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა. პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“ და დამატებით კითხვებს არ უპასუხეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
გუშინ, 7 ოქტომბერს, „საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი იქნება პირველი, როდესაც ფოსტა მოგებაზე გავა. კობახიძის განცხადებითვე, ეს „კონკრეტული ცვლილებების“ შედეგია.
კობახიძის განცხადებითვე, რიგი სერვისები შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი, ეს კომპანიები კი „კორუფციის კარგი საშუალება იყო“:
„2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ.
შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი“.
გარდა ამისა, კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია.