ახალი ამბები

ადრეული ასაკის ბავშვების 22% ანემიითაა დაავადებული

3 დეკემბერი, 2010 • • 993
ადრეული ასაკის ბავშვების 22% ანემიითაა დაავადებული

2009 წლის ნუტრიციული კვლევის თანახმად, გამოკვლეულ ხუთ  წლამდე  ბავშვების 22%-ს ანემია აღმოაჩნდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა დაფიქსირდა კახეთში, სადაც ანემია გამოკითხულთა 56 პროცენტს  აღენიშნება.

საქართველოს ეროვნული ნუტრიციული კვლევის ანგარიში დღეს პარლამენტში გაეროს ბავშვთა ფონდმა და საქართველოს პარლამენტის ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნულმა ალიანსმა წარმოადგინა.

კვლევა ადრეულ ასაკის ბავშვებში (5 წლამდე) და ქალებში, მათ შორის, ორსულებში ჩატარდა.

ანგარიშის თანახმად, არსებობს პროლემები ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით. ძუძუთი კვება ხშირია, მაგრამ ძალიან ხანმოკლე. ხშირია პრობლემები ჭარბ წონასა და სიდაბლეში.

კვლევა მიუთითებს, რომ ბავშვებში და ქალებში, მათ შორის, ორსულებშიც არის იოდის, ფოლიუმის მჟავის და ცილების ნაკლებობის პრობლემები.

საქართველოს პარლამენტის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის თავმჯდომარის გიგი წერეთლის თქმით, საჭიროა ანემიის გამომწვევი მიზეზების გამოსარკვევად დამატებითი კვლევების ჩატარება.

წერეთელი ამბობს, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებში არსებულ სიტუაციას სამ–ოთხჯერ ჩამორჩება ნუტრიციული კვლევის ანგარიშით.

კვლევა ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის ინიციატივითა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.

კვლევისთვის საჭირო ფინანსები ორგანიზაცია unicef–მა გამოყო.

როგორ წერეთელმა პრეზენტაციაზე განაცხადა, პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმა, ჯერჯერობით, შედგენილი არ აქვთ. თუმცა მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ალიანსი იმუშავებს.    

მასალების გადაბეჭდვის წესი