ადვოკატ ციალა რატიანის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე დენის კულანინს საქართველოს დატოვების უფლებას არ აძლევენ იმ მიზეზით, რომ სასამართლოს ქვეყნიდან მისი გაძევების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

გუშინ, 30 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ დენის კულანინი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში უნდა დარჩენილიყო საქართველოდან გაძევებამდე.

გუშინდელ პროცესზე დენის კულანინის ადვოკატებმა თვითმფრინავის ბილეთიც წარადგინეს იმის დასტურად, რომ ის თანახმაა ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო და მესამე ქვეყანაში გაემგზავროს.

თუმცა როგორც ადვოკატი ციალა რატიანი ამბობს, დღეს, 31 აგვისტოს, დენის კულანინის საქმის მენეჯერმა განუცხადა, რომ  ის ვერ დატოვებს საქართველოს ნებაყოფლობით, სანამ თბილისის საქალაქო სასამართლო არ იმსჯელებს მისი საქართველოდან გაძევების საკითხზე.

ადვოკატის განცხადებით, ეს არღვევს დენის კულანინის უფლებას, რომ ნებაყოფლობით დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

„საქმის მენეჯერმა არ დაიტოვა არც ჩასასხდომი ბარათი (ბორდინგ პასსი) და არც დენის კულანინის რუსეთის ფედერაციის პასპორტი.

აღნიშნული განცხადება არღვევს დენის კულანინის უფლებას ნებაყოფლობით დატოვოს საქართველოს ტერიტორია. მით უფრო, რომ ეს ეწინააღმდეგება შსს მიგრაციის დეპარტამენტის პრაქტიკას, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო გაძევების პროცედურის გარეშე.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ 16 საათსა და 29 წუთის წინ წერილობით მივმართე შსს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორს და ვთხოვე, რომ ხვალ 12 საათსა და 40 წუთზე დანიშნულ რეისზე უზრუნველყოფილი იყოს დენის კულანინის მიყვანა საერთაშორისო აეროპორტში პასპორტს მივიტან პირადად. პასუხს ველოდები“, – აცხადებს ადვოკატი ციალა რატიანი.

დენის კულანინის ახლობლის, მარინა მესხის განცხადებით, ის რეისზე უკვე დაარეგისტრირა და ვინაიდან ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო, სადაც საქართველოდან ნებაყოფლობითი დეპორტაციის საკითხს განიხილავენ, სავარაუდოდ, ბილეთი გაუუქმდება.

„გუშინდელ სასამართლოზე ვინც იყავით, ყველამ ნახა და გაიგო რომ 1 სექტემბრის ბილეთი წარვადგინეთ. ორი ადვოკატი, საიმიგრაციო დეპარტამენტის იურისტი და მოსამართლე განიხილავდა დატოვონ დენისი დროებითი მოთავსების ცენტრში თუ გამოუშვან გაფრენამდე. განიხილავდნენ ასევე რომ მე თავდებში ჩავუდგები დენისს და ორივე ადვოკატი. საბოლოოდ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დენისი საქართველოდან გაფრენამდე დარჩებოდა დროებითი მოთავსების ცენტრში.

დღეს დავარეგისტრირე 1 სექტემბრის რეისზე. დღეს ადვოკატმა წაიღო დროებითი მოთავსების ცენტრში დენისის პასპორტი და boarding pass-ი ხვალინდელ რეისზე.

დენისის ბილეთები წარვადგინეთ გუშინწინ სასამართლოს კანცელარიაში და საქმეს დაურთეს ადვოკატებმა!
დღეს ადვოკატს უთხრეს დროებითი მოთავსების ცენტრში, რომ კიდევ ერთი სასამართლო უნდა ჩატარდესო. გუშინ სასამართლომ განიხილა მხოლოდ დროებითი მოთავსების ცენტრში განთავსების ვადა. შემდეგმა სასამართლომ კი თურმე უნდა განიხილოს დენისის ნებაყოფლობითი დეპორტაციის საკითხი საქართველოდან.

სასამართლო როდის ჩაინიშნება, არც ეს იციან! ბილეთს, ალბათ, დავკარგავთ, რადგან უკვე დავარეგისტრირე რეისზე.

არ ვიცი რა დავარქვა ამას ყველაფერს. მაგრამ, ალბათ, ხვდებით რისი თქმა მინდა. თავს ვიკავებ და თქვენც შეიკავეთ. დენისი უნდა გავიდეს საქართველოდან უსაფრთხო ქვეყანაში და არა რუსეთში!!! მერე ვიტყვი ყველაფერს რასაც ვფიქრობ!“, – წერს მარინა მესხი.


დენის კულანინი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის  2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა. თუმცა, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ის არ გათავისუფლებულა და ციხიდან მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, კულანინის რუსეთში დეპორტაცია დაუშვებელი და საფრთხის შემცველია, ვინაიდან მას წერილი აქვს გავრცელებული ციხიდან, სადაც უკრაინას დიდებას და მშვიდობას უსურვებს. რუსეთში კი ომზე თითქმის ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება შეუძლიათ ისე, რომ ადამიანის ბრალი წაუყენონ.

თუმცა კულანინს უფლება ჰქონდა, საქართველოდან არა რუსეთში, არამედ მესამე ქვეყანაში წასვლა აერჩია და სწორედ ასე მოიქცა.

30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დენის კულანინი მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით.