საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, დმიტრო ბერეჟნი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საავტორო სტატიას აქვეყნებს და მადლობას უხდის საქართველოს და ქართველ მებრძოლებს უკრაინაში.

ბერეჟნი წერს, რომ ეს არის ერთობლივი ბრძოლა საერთო მომავლისთვის.

„სრულმასშტაბიანი შემოჭრის ყველაზე მძიმე, პირველ დღეებში, როდესაც უკრაინის ბედი თითოეულ იმ ადამიანზე იყო დამოკიდებული, ვისთვისაც ის ძვირფასი იყო, უკრაინელ მეომრებთან მხარდამხარ დადგნენ მოხალისეები და გმირები მრავალი მეგობარი ქვეყნიდან. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ საქართველოს შვილებს.

დღეს მრავალი ქართველი მებრძოლი იბრძვის უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. იარაღით ხელში ისინი იცავენ უკრაინის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან კარგად ესმით — ეს ბრძოლა საერთოა“, — წერს ბერეჟნი.

მისი თქმით, რუსული აგრესიისა და საკუთარი მიწების ოკუპაციის გამოცდილების მქონე ქართველ ხალხს, როგორც არავის, ისე ესმის უკრაინის ტკივილი და აცნობიერებს, რომ „დღეს ხარკოვის, ზაპოროჟიესა თუ ხერსონის ოლქებში წყდება არა მხოლოდ უკრაინის მომავალი, იქ გადის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საკვანძო ზღვარი, რომლის შედეგზეც პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალი“.

„ქართველი გმირების სიმამაცე, უშიშრობა და თავდადება უკრაინის ფრონტზე გახდა სოლიდარობის უმაღლესი გამოხატულება და ქართველი ხალხის უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ჩვენ ქედს ვიხრით იმ უკრაინელი და ქართველი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებას. მათი გმირობა სამუდამოდ ჩაიწერება ჩვენი საბრძოლო ძმობის ისტორიაში და გზამკვლევი იქნება მომავალი თაობებისთვის“, — ნათქვამია წერილში.

უკრაინის დროებითი რწმუნებული ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინელ ლტოლვილს.

კერძოდ, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან მოყოლებული, უკრაინის 500 000-ზე მეტი მოქალაქე იძულებული გახდა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გამგზავრებულიყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

„ბევრი მათგანისთვის სწორედ ქართული მიწა გახდა პირველი უსაფრთხო თავშესაფარი რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის საწყისი საშინელებების შემდეგ. ამჟამად 27 ათასზე მეტი უკრაინელი აგრძელებს საქართველოში დროებით ცხოვრებას და ელოდება სამართლიანი მშვიდობის დამყარებასა და მშობლიურ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას“, — აცხადებს დმიტრო ბერეჟნი და დასძენს, რომ საქართველოში უკრაინის ჰუმანიტარულმა და სოციალურმა მხარდაჭერამ ჭეშმარიტად საყოველთაო მასშტაბი შეიძინა, „გააერთიანა რა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევა“.

„ომის პირველ, ყველაზე მძიმე თვეებში, ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომელიც იძულებული გახდა თავშესაფარი საქართველოში ეძებნა, მიიღო უფასო საცხოვრებელი, ცხელი საკვები, მატერიალური დახმარება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანური სითბო და თანადგომა. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლებში უკრაინული სექტორების შექმნა, სადაც უკრაინელი ბავშვები დღესაც აგრძელებენ სწავლას მშობლიურ ენაზე, უკრაინის ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამით. ეს მათ ეხმარება არა მხოლოდ ახალ პირობებთან ადაპტაციაში, არამედ საკუთარი ეროვნული იდენტობისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაში. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან უკრაინელი ბავშვები, კერძოდ კი ბავშვები, რომელთა მშობლებმაც სიცოცხლე შესწირეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში დასასვენებლად და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსტიტუციურმა მხარდაჭერამაც, რაც გამოიხატა საზღვრის გადაკვეთის პროცედურების მაქსიმალურ გამარტივებაში, უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო ყოფნის ვადების გაზრდასა და მათთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებებზე წვდომის მიცემაში. ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობის მიერ შეგროვებული და უკრაინაში გაგზავნილი ათასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება, გენერატორები, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გახდა უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა ჩვენი ქალაქებისთვის ომის ყველაზე რთულ პერიოდში. ამ თბილი და ღია მიღების წყალობით, საქართველოში მყოფი უკრაინელები თავს „უცხოეთში“ არ გრძნობენ. ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის საქართველო გახდა ჭეშმარიტად ახლობელი ქვეყანა, სადაც ისინი გრძნობენ ძმურ სითბოს, მხარდაჭერასა და გულწრფელ ადამიანურ სოლიდარობას“, — ნათქვამია წერილში.

ბერეჟნი მადლიერებას გამოხატავს ქართველი მეომრებისთვის, უკრაინელი ბავშვისთვის მიცემული თითოეული თავშესაფრისთვის, უკრაინის მხარდასაჭერად გაღებული თითოეული ლარისა და გენერატორისთვის.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხების ერთობლივი ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისთვის უცილობლად დასრულდება სამართლიანობის აღდგენით, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების სრული დეოკუპაციითა და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებით. დიდება უკრაინას! GAUMARJOS SAKARTVELOS!“, — ნათქვამია წერილში.