ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა რომ სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების ირგვლივ შექმნილი ვითარება არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაცაა. წერს არმენპრესი.
„ახლა ყველანი ვაფიქსირებთ, რომ პრობლემა სომხეთში არ არის. პრობლემა სომხეთი კი არ არის, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაა, რადგან ფაქტობრივად გამოდის, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი პარალიზებულია და არ მუშაობს. თუ ეს საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ნება მომეცით ივარაუდო, რომ ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ საუბარს და აღნიშნა, რომ მთელ რიგ საკითხებზე მხარეებმა საერთო გაგებას მიაღწიეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკას აქვს ლეგიტიმური უფლება, შექმნას ალტერნატივები თავისთვის. რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ ეს გზა გამოვაცხადეთ და ამ გზით წავალთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის ხალხმაც მის სასარგებლოდ მისცა ხმა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთს ყველა საკითხში უნდა ჰქონდეს ალტერნატივები.
„როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ვამბობდი, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი პოლიტიკის შედეგად აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც სომხეთის რესპუბლიკას ალტერნატივები არ ექნება. სომხეთის რესპუბლიკას ყოველთვის და ყველა საკითხში უნდა ჰქონდეს ალტერნატივები, ხოლო უალტერნატივობის ეპოქა დასრულებულია. აქ საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ როდის უნდა განხორციელდეს ეს ალტერნატივა“.
ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის თაობაზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ასეთი რეფერენდუმის გამართვამდე სომხეთს სულ მცირე ოფიციალურად მაინც უნდა ჰქონდეს მიმართული ევროკავშირისთვის წევრობის განაცხადით.
