რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) აკრძალა სომხეთიდან იმპორტირებული რძის პროდუქტების რეალიზაცია რუსეთის ბაზარზე. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იუწყება.
უწყების ინფორმაციით, 14-21 ივლისს ინსპექტირება ჩატარდა იმ სომხურ გადამმუშავებელ საწარმოებში, რომლებსაც მანამდე, სომხეთის ვეტერინარული სამსახურის გარანტიების საფუძველზე, რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის ნებართვა ჰქონდათ მიღებული.
შემოწმების შედეგად, როგორც რუსული მხარე აცხადებს, კვლავ გამოვლინდა ის დარღვევები, რომლებიც 2023-2024 წლებშიც ფიქსირდებოდა.
“მათ შორისაა ნედლეულის მიკვლევადობის სისტემაში არსებული ხარვეზები, ვეტერინარული დოკუმენტების გაფორმების შეცდომები და საწარმოო მონიტორინგის პრობლემები”.
როსსელხოზნადზორის განცხადებით, მიმდინარე ინსპექტირებისას დადგინდა, რომ რუსეთისთვის განკუთვნილი პროდუქტების წარმოებაში გამოიყენებოდა ინფიცირებული პირუტყვისგან მიღებული რძე.
“ასევე, დადასტურდა მესამე ქვეყნებიდან მიღებული ნედლეულის გამოყენების შემთხვევები მაღალი ცხიმიანობის რძის პროდუქტების წარმოებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ვეტერინარული სამსახური ადრე ირწმუნებოდა, რომ გამოიყენებოდა ადგილობრივი ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) საწარმოების ნედლეული”.
უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთში დღემდე არ არსებობს სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რძის წარმოშობა და უსაფრთხოება სანდოდ დაადასტუროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნედლეული კერძო პირებისგან არის შეძენილი.
“ამ მიზეზით როსსელხოზნადზორმა მიიღო შემზღუდავი ზომები, რათა, მისი განმარტებით, რუსეთში არ მოხდეს საშიში ინფექციებისა და უხარისხო პროდუქციის შეტანა”.
როსსელხოზნადზორის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები 27 ივლისიდან ამოქმედდება.
მანამდე, 26 ივნისს, როსსელხოზნადზორმა დროებით შეაჩერა კიდევ ორი სომხური საწარმოს სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეზღუდვები გავრცელდა სომხეთიდან რუსეთში თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტზეც. მაშინ უწყებაში განაცხადეს, რომ შეზღუდვები ძალაში დარჩება, ვიდრე გამოვლენილი დარღვევები სრულად არ აღმოიფხვრება.
