Yerevan Yerevanciner

სომხეთში რუსების მხრიდან ბინებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, ერევანში ქირის ფასები კი, დაახლოებით 30%-ით – ამის შესახებ ადგილობრივმა უძრავი ქონების აგენტებმა გამოცემა „ვერსტკას“ განუცხადეს, ინფორმაციას კი „დოჟდი“ ავრცელებს.

ერთ-ერთი რიელტორის თქმით, „მოთხოვნა უზარმაზარია, საერთო ვითარება კი 2022 წლისას ჰგავს“.

ერევანში უძრავი ქონების შერჩევის სპეციალისტის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში დედაქალაქში ქირის ფასების დაახლოებით 30%-ით ზრდის მთავარი მიზეზი „ახლად ჩამოსული რუსების ნაკადია“.

რუსულენოვან ერთ-ერთ პოპულარულ Telegram-არხზე, რომელიც უძრავი ქონების მოძიებას ეძღვნება, ყოველდღიურად ქვეყნდება ათობით ახალი განცხადება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უკვე ჩავიდნენ სომხეთში ან შემოდგომაზე ემიგრაციას გეგმავენ.

გაზრდილი მოთხოვნის შესახებ წერენ სპეციალიზებული Telegram-არხებიც. სომხეთის უძრავი ქონების შესახებ არხი „Метры в драмах“ აღნიშნავს:

„ნორმალური ვარიანტები პრაქტიკულად აღარ არის. ადამიანები კვლავაც ჩამოდიან და, ჩემი აზრით, მიმდინარე წლის ზაფხული უკვე თითქმის გაუტოლდა 2022 წლის ზაფხულს“.

Google Trends-ის სტატისტიკის მიხედვით [რაზეც “დოჟდი” წერს]  2026 წლის ზაფხულში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ერევანში  ბინებით დაინტერესების დონე უკვე შეედრება იმ პერიოდს, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა და რუსეთში მობილიზაციის პერიოდი დაიწყო.