შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი დაკავებული არ არის, თუმცა მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

„დაკავებული არ არის. მან გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ შსს-ში.

უწყებაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა მუხლით დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

მანამდე „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ შეთრიეს მრევლიშვილი განყოფილებაში ძალის გამოყენებით; ასევე, ცნობა, რომ თელავის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს და განყოფილებაშივე დააკავეს.

ადვოკატი მარიკა არევაძე არ გამორიცხავს, რომ პოლიციაში მიმდინარეობდეს მოწმეებზე ზეწოლა ჩვენების შესაცვლელად.

„მქონდა კონტაქტი ადვოკატთან და ამჟამინდელი ინფორმაციაა, რომ მოწმე მომღერალი, რომელიც დილას ჰყავდა სამმართველოს გამოკითხვაზე, მოულოდნელად საღამოს ისევ დაიბარეს გამოკითხვაზე. როგორც იქ მყოფმა პირმა მომაწოდა ინფორმაცია, ეს მოწმე გამოდიოდა განყოფილებიდან სიტყვებით, რომ არ აპირებდა ჩვენების შეცვლას, რა დროსაც ძალის გამოყენებით შეაბრუნეს უკან. ამჟამად ეს ადამიანი განყოფილებაში არის ადვოკატის გარეშე, შესაძლოა მასზე ხორციელდებოდეს ზეწოლა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ადამიანის გათავისუფლება! პროვოკატორი „ტურისტების” ქმედების სწორი კვალიფიკაცია! პოლიციაში თუ მართლა მიმდინარეობს ჩვენების შესაცვლელად ზეწოლა, ეს იქნება რუსის სასარგებლოდ და ქართველის საწინააღმდეგოდ. გონს მოეგეთ“, — წერს არევაძე.

ალექსანდრე მრელაშვილი იყო მიწვეული მომღერალი სასტუმრო „აგარანის მამულში“ გამართულ ქორწილში, რომელიც გადაიზარდა სასტუმროს სტუმრებთან კონფლიქტში.

გიორგი ჭიღლაძის ადვოკატის ცნობით, უცხოელი დამსვენებლების მიერ მე-3 გადმოსხმული სითხე ჩაისხა ვერანდაზე მდგომ მუსიკალურ აპარატში, რის შედეგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა. ამ ფაქტიდან მალევე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა აამუშავა მუსიკალური აპარატი და მუსიკები და სიმღერა გაგრძელდა. დაახლოებით 10-15 წუთში მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა.

ამ თემაზე:

დააკავეს კაცი, რომელმაც კახეთში ქალს სცემა

გიორგი ჭიღლაძე არის რუსების პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული — ადვოკატი