დააკავეს კაცი, რომელიც კახეთში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.
ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ განუცხადა.
ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლინა კურტამ გაავრცელა წარწერით, რომ საქართველოში კაცები ნომერში უვარდებიან და სცემენ ქალებს რუსული საუბრის გამო.
„ჩვენი დასვენება კოშმარად იქცა, როდესაც ერთმა მამაკაცმა — მას შემდეგ, რაც სასტუმროში რუსული საუბარი გაიგონა — ჩვენს ნომერში შემოგვივარდა (ჩვენი ნომერი მას მისაღებში უთხრეს) და ჩემი მეგობარი სცემა მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსულად საუბრობს“, — დაწერა მან.
დაკავებული გიორგი ჭიღლაძეა. ის გურჯაანის იზოლატორშია გადაყვანილი.
„ეს ჩემი ძმაა. რა თქმა უნდა ძალადობას არ ვამართლებ, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რაც მოხდა. ჩემი მეორე ძმის ქორწილში ეს გოგოები ხმაურის გამო ორჯერ გვასხამდნენ წყალს (აპარატურის დაზიანების მიზნით და დაზიანდა კიდეც). გვაფურთხებდნენ და გვაგინებდნენ და ამასთან, ვიდეოს გვიღებდნენ… ჩემი ძმა არ ასულა იქ საჩხუბრად. ავიდა რომ ეთქვა, ქორწილში ამგვარი საქციელი მიუღებელია. ამის შემდეგ ამ ქალმა მოსთხოვა რუსულად საუბარი, რადგან ჩემს ნომერში ხარო. ჩემმა ძმამ კი უპასუხა, რომ თავის ქვეყანაში ან ქართულად ან ინგლისურად დაელაპარაკებოდა. ამის შემდეგ კრა ჩემს ძმას ხელი და ინსტინქტურად ეს ყველაფერი მოხდა“, — წერს დაკავებულის ძმა, კახა ჭიღლაძე.
სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა სასტუმრომ, უკმაყოფილო კომენტარების შემდეგ კი, პოსტზე კომენტარების უფლება შეზღუდა.
„Agarani Estate სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული თუ ეროვნული წარმომავლობის მქონე ადამიანებს. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დისკრიმინაციას, სიძულვილსა და ძალადობას ნებისმიერი ფორმით და კვლავაც ვრჩებით ერთგული ჩვენი ვალდებულების – შევქმნათ უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული და სტუმართმოყვარე გარემო თითოეული სტუმრისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
