საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოს ორგანოების მხრიდან რუს ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას ელოდება. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალებას, TASS-ს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განუცხადეს.
„საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემენ სიტუაციას, მათ შორის, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქის აგრესიულ ქმედებებს, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქის მიმართ, რომლის ვიდეოც მედიაში გავრცელდა“, – განაცხადეს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში.
როგორც ცნობილია, რუსეთს აქ საელჩო არ აქვს, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე 3 დედაქალაქს აღიარებს: თბილისს, ცხინვალსა და აფხაზეთს. ამის გამო თბილისს მასთან დიპურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, თუმცა რუსეთი შვეიცარიის საელჩოს გავლით ამუშავებს ინტერესების სექციას, ისევე როგორც თბილისი – მოსკოვში.
რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში ასევე აღნიშნეს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის კონფლიქტის შესახებ ცნობილი მედიიდან გახდა, ვინაიდან დაზარალებულს დახმარებისთვის რუსეთის ინტერესების სექციისთვის არ მიუმართავს.
19 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქალაქ თელავის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ რუსულენოვან ტურისტს დაარტყა. უწყების მონაცემებით, დასასვენებლად მყოფმა უცხოელმა მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში დამსწრე ადამიანებს და აპარატურას წყალი დაასხეს. ამის შემდეგ ბრალდებულმა უცხოელი ქალის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა. ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეჩხუბება მამაკაცი (რომელმაც საკუთარ თავს სიძის ძმა უწოდა) სასტუმროს ნომრის ზღურბლთან რუსულად მოლაპარაკე ქალს, რის შემდეგაც მას სახეში ურტყამს.
დაკავებულის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა, TASS-ს დაუდასტურა, რომ დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. მას ასევე აქვს თურქეთის მოქალაქეობა.
