პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
რამაზ თათარაშვილი აქამდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.
მან პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორის პოსტზე გიორგი პატარიძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა დღეს, 26 ოქტომბერს დატოვა.
პროკურატურამ დღეს იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, უფლებამოსილება შეუჩერდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს.
საქმე ეხება დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტს. თუმცა პროკურატურაში აცხადებენ, რომ პატარიძის რაიმე ბრალეულობა გამოძიების ფარგლებში ჯერ გამოკვეთილი არ არის.
უწყების განცხადებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.
„სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“, – წერია განცხად
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი 20 ოქტომბერს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ის წინა დღეს, 19 ოქტომბერსაც იყო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული, თუმცა მალევე გაწერეს.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის- ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“). ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც. ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა.
თუმცა პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.
ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.
