ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტის, ისაკო დევიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმცია მისმა დამ, მარი დევიძემ გაავრცელა.

თავდაპირველად მარი დევიძემ დაწერა, რომ დღეს, 17 იანვრის საღამოს, ძმის ტრადიციული მოკითხვისთვის იზოლატორში დარეკა, სადაც უთხრეს, რომ აქტივისტი იქ არ იყო.

“აღმოჩნდა რომ ჯერ სასამართლო ჰქონდა და შემდგომ გადაუყვანიათ ციხეში, ისე რომ არაფერი გააგებინეს არც ოჯახს და არც ადვოკატს. ისიც კი არ ვიცით სად არის”, – წერა მარი დევიძე რამდენიმე საათის წინ.

დაახლოებით სამ საათის შემდეგ მარი დევიძე დაწერა, რომ მისი ძმა გლდანის მე-8 დაწესებულებაშია გადაყვანილი. ოჯახის ინფორმაციით, აქტივისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 366-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს და 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მეტი დეტალი ამ ეტაპზე უცნობია.

ისაკო დევიძე 2025 წლის 20 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციელის შეურაცხყოფის საფუძვლით დააკავეს. 22 დეკემბერს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.