უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 ივლისს და 12 ივლისის ღამეს დარტყმები განახორციელეს რუსეთის არაერთ სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტზე, კერძოდ — სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, 10 ტანკერსა და 4 ბორანზე.
გენშტაბი ამბობს, რომ საწარმოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძარი, მიყენებული ზიანის შედეგები ზუსტდება.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8,5 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელსა და საავიაციო საწვავს, ისევე როგორც სხვა ნავთობპროდუქტებს, რომლებიც, სხვა მიზნებთან ერთად, რუსული არმიის საჭიროებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.
გენშტაბის განცხადებითვე, თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის აკვატორიაში რუსულ 10 ტანკერსა და 4 ბორანს დაარტყეს. გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ ტანკერები გამოიყენება რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, ხოლო ბორნები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ლოგისტიკას უზრუნველყოფენ.
ასევე, 11 ივლისს უკრაინელმა სამხედროებმა დაარტყეს საწვავ-საპოხი მასალებით დატვირთულ რუსულ მატარებელს (ეშელონს) ოკუპირებული ტოკმაკის რაიონში, ზაპოროჟიეს ოლქში.
