მასალა განახლებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, 15 ოქტომბრის ღამეს სანაპირო სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნით“ დარტყმა განხორციელდა ვორონეჟის ოლქის აღმოსავლეთში მდებარე „ბორისოგლებსკის“ სამხედრო აეროდრომზე.

უწყება ამბობს, რომ აეროდრომზე 6 Су-34М ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს. 

„ასევე განადგურდა ავიაციის ფრენების უზრუნველყოფის ტექნიკური აღჭურვილობა, აეროდრომის ტერიტორიაზე დაფიქსირდა განმეორებითი დეტონაციები და ხანძარი“, — აცხადებს უკრაინული მხარე.

სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია ზუსტდება. რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

განახლება:

მოგვიანებით აეროდრომზე დარტყმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა და დაწერა, რომ ოთხი სუ-34 ტიპის თვითმფრინავი განადგურდა, ხოლო კიდევ ორი სუ-34 დაზიანდა.

„რუსები მათ იყენებდნენ ჩვენი ხალხის დასატერორებლად. ეს ზუსტად ის საბრძოლო თვითმფრინავები იყვნენ, რომლებიც უკრაინაზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადებოდნენ და მართვადი საავიაციო ბომბებით იყვნენ დატვირთული“, – დაწერა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისი განცხადებით, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა საშუალებებმა ორელის ოლქშიც მიაღწიეს ობიექტს, „რომელიც დამრტყმელი დრონების შესანახად და გასაშვებად გამოიყენება“. ზელენსკის განცხადებით, დარტყმა განხორციელდა შავ ზღვაში მდებარე სამიზნეზეც.
„ეს არის ჩვენი სამართლიანი პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მთელ ტერორზე. რუსეთი ომს აჭიანურებს, ამიტომ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი ოპერაციები გაგრძელდება“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინულ „ტელეგრამ-არხებზე“ გავრცელდა სატელიტური ფოტო აეროდრომიდან, რომელიც სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა: