ახალი ამბები

აფეთქების გამო ხელოვნების კოლეჯში ლექციები არ ტარდება

30 ნოემბერი, 2010 •
აფეთქების გამო ხელოვნების კოლეჯში ლექციები არ ტარდება

სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯში ლექციები არ ტარდება. ჯახახიშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, კოლეჯში დაზიანებულია დირექტორის კაბინეტი, ასევე აუდიტორიები, ჩამსხვრეულია ფანჯრები, დამტვრეულია კარები. 

კოლეჯის 80– წლიანი არსებობის პერიოდში, როგორც კოლეჯის დირექტორმა მზია აფრიდონიძე ამბობს,  სახელმწიფოს დღემდე დახმარება არ გაუწევია.

ჯავახიშვილის ქუჩაზე 28 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგადად,  ქალი გარდაიცვალა. მისი ოჯახის ახლობელი, რომელსაც დღეს ნეტგაზეთის ჟურნალისტი ესაუბრა, ამბობს, რომ გარდაცვლილის ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება არ მიუღია.

ჯავახიშვილზე მომხდარ აფეთქებას 58 წლის ნინო გორდეზიანი ემსხვერპლა. მას გულ-მკერდის არეში  ფანჯრის ნამსხვრევი მოხვდა.

აფეთქება კვირას ღამით, 01.30 საათზე, ჯერ ჯავახიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი მუხიანის დასახლებაში მოხდა. აფეთქებისას დაზიანდა ლეიბორისტული პარტიის ოფისი, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

ლეიბორისტულ პარტიაში ამბობენ, რომ აფეთქება მათი პარტიის ოფისზე მიმართული თავდასხმა იყო. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ამბობს, რომ დაზიანდა მათი დაცვის თანამშრომელი, რომელიც აფეთქების დროს შენობაში იმყოფებოდა. გუგავას ინფორმაციით, მას ტვინის შერყევა აქვს.

აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერ არ არის დადგენილი.  შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში  ერთი და იმავე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება იყო გამოყენებული.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამართველო აწარმოებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 229 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი