ახალი ამბები

თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად ანდრო ბარნოვი დაინიშნა

30 ნოემბერი, 2010 • • 1389
თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად ანდრო ბარნოვი დაინიშნა

სამხედრო ექსპერტი ანდრო ბარნოვი ახალ თანამდებობაზე  შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ დღეს წარუდგინა.

ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდზე გავრცელდა.  

სამინისტრო ინფორმაციით, წარდგენისას ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, რომ ანდრო ბარნოვი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთ–ერთი წამყვანი ექსპერტია და მასთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა თავდაცვის რეფორმირებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

 „ის საკმაოდ დიდი ხანია თანამშრომლობს ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით. ბოლო წელს განსაკუთრებული ორმხრივი ინტერესი იქნა გამოთქმული განათლების სფეროში განხროციელებული რეფორმებისადმი. ამ ყველაფერმა შედეგად მოიტანა ის, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჩვენ პატივი გვაქვს, რომ ბატონი ანდრო ჩაუდგეს სათავეში თავდაცვის ეროვნულ აკადემიას და ჩვენი ერთობლივი მუშაობის მიზანი იქნება, რომ აკადემია იქცეს ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ, თანამედროვე ინსტიტუტად,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

ბარნოვის თქმით, იგი ეცდება, აკადემია აქციოს ისეთ სასწავლებლად, როგორიც ქვეყანას  და შეიარაღებულ ძალებს ეკადრება.

„ბოლო დღეებში შევთანხმდით იმაზე, რომ მოვკიდებთ ხელს ამ საქმეს და ვეცდები, აკადემია ვაქციო ისეთ სასწავლებლად, მთელი სამინისტროს, გაერთიანებული შტაბის და შეიარაღებული ძალების თითოეულ წარმომადგენელთან ერთად, როგორიც ნამდვილად ეკადრება ჩვენს ქვეყანას და შეიარაღებულ ძალებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნებით ყველანი ერთად წარმატებულნი ამ გზაზე,“ – განაცხადა ანდრო ბარნოვმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი