რუსი მათემატიკოსი და ბლოგერი მიხაილ ვერბიცკი, რომელიც ერევნის ზვარტნოცის აეროპორტში დააკავეს, 72-საათიანი პატიმრობის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
ვერბიცკი რუსეთის მოთხოვნით საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
„ვერბიცკი 72 საათის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე მას სომხეთის დატოვება არ შეუძლია, რადგან საერთაშორისო ძებნის გამო კვლავ მოქმედებს საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა. თუმცა უკვე აქვს ბილეთი ხვალინდელ რეისზე თელავივის მიმართულებით და გენერალურ პროკურატურას მივმართეთ შუამდგომლობით, რათა საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მისცენ“, – განაცხადა მისმა ადვოკატმა, ვაჩე სიმონიანმა.
ვერბიცკის დაკავების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 13 ივნისის ღამეს ზვარტნოცის აეროპორტში დააკავეს და სპეციალურ დაკავების ოთახში გადაიყვანეს.
2025 წლის იანვარში რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა ვერბიცკი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. იმავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი ძებნილად გამოაცხადა.
რუსული სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ვერბიცკის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო მოწოდების მუხლით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი). აღნიშნული ბრალდება შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ღია წყაროების თანახმად, მიხაილ ვერბიცკი მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მათემატიკის ფაკულტეტზე ასწავლიდა. 2005 წელს, მას შემდეგ, რაც მისი ბლოგი LiveJournal-ზე დაიბლოკა, შექმნა პლატფორმა LJ.Rossia, რომელიც მოგვიანებით, 2013 წელს, რუსეთის მედიის მარეგულირებელმა ორგანომ დაბლოკა.
რუსული მედიის ცნობით, საკუთარ ბლოგში ვერბიცკი კრიტიკულად აფასებდა როგორც რუსეთს, ისე უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს.
