გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს დაკავებულზე, პაპუნა ლოცულაშვილზე. იგი თავად არის დაკავებული.
პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა დაკავებულის მეგობარიც, ლაშა აბისონაშვილი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.
პოლიციელთა ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.
მომხდარის მთავარი მოწმე, ლაშა აბისონაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულ ლოცულაშვილს, სავარაუდოდ, ცივი იარაღი ჰქონდა. პაპუნა ლოცულაშვილი 28-29 წლისაა და სამსახურში, „საქართველოს ბანკში“, შესვენების შემდეგ ფეხით ბრუნდებოდა უკან, როცა პოლიციელმა მასზე მანქანა „მიუშვა და ხელი გაუქნია“. დაზიანებები აბისონაშვილსაც აქვს. ის მაშინვე გამოუშვეს.
„რატომ მომიშვი მანქანაო, ეგ ლაპარაკი იყო. ყვირილზე გამოვედი. ჩემი მეგობარია [პაპუნა ლოცულაშვილი] და რა ხდება-მეთქი, გასანეიტრალებლად მივედი. ყველამ სცემა. ვინც მოვიდა, ყველამ სცემა. მიზეზი არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ეცოდინება. ცივი იარაღი რომ ჰქონოდა, ჩხუბში გამოიყენებდა. ძირს დაწვენილი ჰყავდათ. ეუბნებოდა, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი ვარ, ადვოკატი მოვიდესო. ამაზე უფრო გაგიჟდნენ. ჩხუბის მერე მე ეგრევე გამომიშვეს. ჩემი მეგობარი ძალიან ცუდად იქნება, ჩემი აზრით. არ ვიცი, სად ჰყავთ. ჩემი დაკავება არც უნდოდათ, გაუშვითო ესაო, მაგრამ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. გაა*ვი აქედანო და ეგეთი უზრდელური სიტყვები“, — ამბობს ლაშა აბისონაშვილი.
პაპუნა ლოცულაშვილის ინტერესებს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე იცავს, რომელიც ამბობს, რომ გამოძიება ჯგუფურად ძალადობის, წამების მუხლით უნდა წარიმართოს. ადვოკატის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილი სწორედ იმ პოლიციელებმა გადაიყვანეს განყოფილებიდან იზოლატორში, რომლებმაც სცემეს. ადვოკატს საქმის მასალების გაცნობის საშუალება ჯერ არ მისცემია. მაგრამ როგორც მან ნეტგაზეთს მიაწოდა ინფორმაცია, პაპუნა ლოცულაშვილი თავად არის დაკავებული მუხლით, რომელიც პოლიციელზე ძალადობას, მისდამი წინააღმდეგობას მოიცავს [სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი. წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ].
პოლიციელების მხრიდან გორში მომხდარ ძალადობაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა პროკურატურა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით არის დაწყებული.
„საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ – ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის მიერ დასახელებული მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, რომელიც ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით. ჯერჯერობით უცნობია, რა ეტაპზეა მოძალადე პოლიციელების მიმართ დაწყებული გამოძიება და ამ დრომდე რა ზომები მიიღო უწყებამ.
მომხდარს გამოეხმაურა არაერთი ის ადვოკატი, რომელსაც ნეტგაზეთის მკითხველი სინდისის პატიმრების საქმეებიდან იცნობს:
ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი: „ჩვენი მოქალაქეების მწამებელი ყველა პოლიციელი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, ასეთი სახის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
ყველგან ვიდეო ვერ იქნება, დაუჯერეთ ბრალდებულებს! ნუ უჯერებთ მხოლოდ პოლიციას.
ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს წამება!“
ადვოკატი ომარ ფურცელაძე: „ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა!
პოლიციის ძალადობა მოქალაქეზე და ამის უმძიმესი კადრები გორიდან არ არის იზოლირებული შემთხვევა და მისი მიღება ასეთად არის დაუშვებელი.
საპოლიციო სისტემის ინსტრუმენტირება არაკანონისმიერი მიზნებისთვის იწვევს მის დემორალიზებას, გახრწნას და მივყავართ უმძიმეს შედეგებამდე, რაზეც სრულად და უპირობოდ პასუხისმგებელია სახელმწიფო პოლიტიკა და მისი გამტარებელი ხელისუფალი.“
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: „ახალია რამე პოლიციელების მხრიდან ძალადობაში? – არა. ახალია რამე დაუსჯელობის გამო კიდევ უფრო მეტად გაბოროტებული პოლიციელების გაზრდილ რაოდენობაში? – არა. ძალადობის მსხვერპლს გაუმართლა, რომ ცემის პროცესში ვიდეო გადაუღეს. არ გაუმართლა ბევრ სხვას, რომლებზეც ჩვენ, ადვოკატები, უკვე თვეებია მუდმივად ვსაუბრობთ. ვიდეოზე თითოეული მოძალადის სახე ჩანს. თითოეულის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ყველა მათგანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. გირგვლიანზე თავდასხმის კადრები რომ გადაეღოთ, ალბათ, მსგავსი იქნებოდა.“
ადვოკატი ბორის (ჩელე) ყურუა: „ამ ადამიანებს დააკავებენ იმიტომ, რომ ვნახეთ ძალადობა, ვიდეოზე გადაიღეს. დასჯიან და იტყვიან, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ. მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარდება. პრობლემა მენტალიტეტშია, რაც პოლიციას ჩამოუყალიბდა. ტიკ-ტოკზე და ფეისბუკზე იარაღით და შკოდით მარიაჟობენ. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, დააკვირდით, როცა აჩერებენ ჩვეულებრივ მოქალაქეს, როგორ ესაუბრებიან, როგორი ტონი აქვთ. თითქოს, ჩვენს უსაფრთხოებას კი არ იცავენ, ჩვენი უფროსები არიან. სანამ ძირეული რეფორმა არ მოხდება, ამას არაფერი ეშველება. 5 და 10 პოლიციელის დაკავებით არაფერი არ მოგვარდება. მიუხედავად იმისა, რომ იქ კარგი ადამიანებიც არიან, მთავარი აქ ის დამპალი სისტემაა, რაც შეიქმნა.“
პოლიციის მხრიდან ძალადობაზე კომენტარის გაკეთება ირაკლი კობახიძესაც მოუწია. მან განაცხადა, რომ მისთვის ნანახი კადრები „მიუღებელია“ და შესაბამის უწყებებს ექნებათ რეაგირება.
