დღეს,  9 მაისს, ჟურნალისტ გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ეპიზოდებზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მათი სასამართლო სხდომა თავიდან ბოლომდე დახურული იყო.  შესაბამისად ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა ვერც სხდომის დასაწყისში შეძლეს მასზე დასწრება.

ამასთან, საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო და ამ დრომდე უცნობია დაკავებულები ძალოვნების ვინაობა.

პროკურორის განცხადებით, სამივე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

დღევანდელ სასამართლო სხდომას, როგორც დაზარალებული, ესწრებოდა ზვიად მაისაშვილი. 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე წაქცეულ ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები დაუმტვრიეს, ცემის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები.

ზვიად მაისაშვილის განცხადებით, მასზე თავდასხმაში ბრალდებულებმა ბოდიში მოუხადეს.

„ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ. მე არც არასდროს მქონია ამ ადამიანების მიმართ ზიზღი ან შურისძიების განცდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, დადებითი მოვლენაა. თუმცა, ერთი იყო, რომელმაც მოახერხა და ეყო გამბედაობა, ჩაეხედა ჩემთვის თვალებში, რის გამოც, უფრო მეტად ვაფასებ ამ ადამიანს,  ვიდრე მეორეს, რომელიც ზურგით იდგა და არც კი შემოუხედავს, თავისთვის ჩაიბურტყუნა, რომ ბოდიშს იხდიდა.

თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ წელიწად ნახევარია გასული, მთელი ეს დრო გვესმოდა, რომ მათი დადგენა შეუძლებელი იყო და საეჭვო ვითარებაში ემთხვევა მათი იდენტიფიცირება ჟურნალისტური გამოძიებით კადრების გაშუქებას, ამიტომ ვერნაირად ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ მართლა არიან ეს ადამიანები თუ არა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ სახეზე ნიღბები ჰქონდათ და მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ისინი მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, რომ მათ დაუშვეს პირადად შეცდომა, მოხდა გადაცდომა. თუმცა, ამის რა თქმა უნდა, არ სჯერა არავის, რადგან აქ არ იყო ერთეული შემთხვევები და მხოლოდ მე არ ვარ დაზარალებული და მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი. მასობრივი წამება და ძალადობა მიმდინარეობდა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიებზე, მხოლოდ რამდენიმე კადრის გადაღება მოხდა და ამიტომ მოხდა ამ შემთხვევების გამოძიება. თუმცა, იყო უამრავი შემთხვევა, რომელთა მასალები უბრალოდ არ გაგვაჩნია. უბრალოდ, ჩემი კადრი, რაც გავრცელდა, იყო ერთ-ერთი სასტიკი კადრი. ჩემზე ბევრად მეტადაც სცემეს იქ ადამიანები, რომლის ჩამდენებიც ჯერჯერობით არ არიან დასჯილები იმ პირობებში, როცა, მეორე მხრივ, არც ერთ პატარა გადაცდომას არ პატიობს ხელისუფლება ადამიანებს და აკავებს მათ სილის გაწვნის გამო, ტროტუარზე დგომის გამო… შესაბამისად, მე ვერ ვიტყვი, რომ ამ 5 ადამიანის დაკავებით ქვეყანაში სამართლიანობა აღდგა“, – განაცხადა ზვიად მაისაშვილმა.

დღესვე ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ 2 პირის სასამართლო, მათაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამ შემთხვევაშიც პროკურორი აცხადებს, რომ ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.


7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული 7 მაისს დააკავეს.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით აქვთს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით  ბრალად ედება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.