სომხეთში 5 მაისს გამართული ევროპული სამიტი და მოსკოვის მკვეთრი რეაქცია კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს – გადადის თუ არა ერევანი რუსეთის გავლენის ორბიტიდან ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და როგორ აისახება ეს პროცესები სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასა და ძალთა ბალანსზე. პოლიტიკის ექსპერტი მიკაელ ზოლიანი მიიჩნევს, რომ სომხეთი ეტაპობრივად აგრძელებს რუსეთისგან დისტანცირებას, თუმცა ეს ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს. მისი შეფასებით, რეგიონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სომხეთის მომავალ არჩევნებსაც, რადგან სწორედ მათი შედეგი განსაზღვრავს, გააგრძელებს თუ არა ქვეყანა ევროპულ კურსს.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო 5 მაისს ერევანში გამართული ევროპული სამიტი სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსისთვის და რუსეთთან ურთიერთობებისთვის – არის თუ არა ეს დროებითი კრიზისი თუ სტრატეგიული დაშორების დასაწყისი?

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სამიტი, რომელიც გაგრძელებაა რუსეთისგან დისტანცირების პროცესისა. ეს პროცესი ჯერ კიდევ 2022-2023 წლებში დაიწყო, როდესაც სომხეთმა გაყინა საკუთარი მონაწილეობა ОДКБ [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია]. ეს უკვე ხარისხობრივად ახალი ეტაპია, როდესაც ყველასთვის თვალსაჩინო გახდა, მათ შორის რუსეთისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის დისტანცირება და არა ურთიერთობების გაწყვეტა.

ვფიქრობ, ახლა იქნება გარკვეული გამწვავება, რომელიც პროგნოზირებადი იყო. თუმცა, არჩევნების შემდეგ ურთიერთობები დასტაბილურდება, ოღონდ უკვე სხვა, ახალ პოზიციებზე.


მიმდინარე დღეებში მოსკოვის რეაქციებიდან გამომდინარე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე პროცესებს სომხეთის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით რუსეთთან სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების კუთხით, როდესაც ყარაბაღის ფაქტორი უკვე აღარ არსებობს?

რა თქმა უნდა, განიხილება, რომ რუსეთის რეაქცია ამ ევროსამიტზე მწვავე იქნება. თავად სომხეთის მაღალი რანგის პირების განცხადებებში რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი არაფერი ყოფილა – ამას უფრო ევროპელი ლიდერები და თუნდაც ზელენსკი აჟღერებდნენ.

სომხეთის ხელისუფლებაში გარკვეული სიფრთხილე რჩება, თუმცა რიტორიკა რუსეთის მიმართ ბოლო წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა და არსებობს ეკონომიკური ზომების მიღების საფრთხეები – გაზის ფასებთან და რუსულ ბაზარზე სომხური პროდუქციის აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, უცებ ირკვევა, რომ თურმე ან სომხური გარგარი ან სპირტი არ ვარგა.

მსგავსი ზომების საფრთხე არსებობს, თუმცა მაინც იგრძნობა, რომ რუსეთი ახლა უფრო სხვა პრობლემებითაა დაკავებული – უკრაინასთან ომითა და შიდა საკითხებით. ამიტომ, სავარაუდოდ, უფრო სიმბოლური ნაბიჯები იქნება. მით უმეტეს, რომ რუსეთი ახლა სომხეთში შიდაპოლიტიკურ ფრონტზე მუშაობს – სომხეთში არჩევნებამდე სამველ კარაპეტიანისა და სხვა პრორუსული ძალების მხარდაჭერით. მოსკოვი შეეცდება მათ დახმარებას, იქნება ეს ფინანსური თუ საინფორმაციო მხარდაჭერა.

თუ ახლა მიიღებენ რადიკალურ ზომებს, მაგალითად, გაზს გათიშვენ, ეს თავად ამ პრორუსულ ძალებსაც დააზიანებს, ამიტომ ასეთ ნაბიჯებს ნაკლებად ველით.


რამდენად არის დღეს სომხეთი საყრდენი სამხრეთ კავკასიაში ევროპისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთში პოლიტიკური კურსის ცვლილება პერსონალიებზეა დამოკიდებული?

კი, დღეს სომხეთი ევროპის ერთგვარ საყრდენად გამოდის სამხრეთ კავკასიაში და ეს პირდაპირ უკავშირდება მოქმედ ხელისუფლებას – ფაშინიანსა და „სამოქალაქო შეთანხმებას“. სწორედ ისინი არიან ევროპული ხაზის ძირითადი გამტარებლები.

არსებობენ სხვა პარტიებიც, რომლებიც ევროპულ დღის წესრიგზე საუბრობენ, ზოგჯერ ფაშინიანზე უფრო რადიკალურადაც, თუმცა მათი ელექტორალური პერსპექტივები ამ ეტაპზე ძალიან მწირია.

პარტიები, რომლებსაც პარლამენტში შესვლის რეალური შანსი აქვთ – სამველ კარაპეტიანის, რობერტ ქოჩარიანისა და გაგიკ წარუკიანის ძალები პრორუსულებად მიიჩნევიან. თუ ისინი გავლენას გააძლიერებენ, პოლიტიკური კურსი შეიცვლება, მოხდება ევროპიდან დისტანცირება და რუსულ კურსზე დაბრუნება. ამასთან ერთად, გაიზრდება დაძაბულობა აზერბაიჯანთანაც.

ცხადია, ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვოს და ევროპული კურსი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

რაც შეეხება პროდასავლურ განწყობებს, ისინი იმდენად პროევროპული არ არის, რამდენადაც ანტირუსული. არსებობს დიდი იმედგაცრუება რუსეთის მიმართ 2020 წლის მოვლენებისა და ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესების შემდეგ. ამ ფონზე გაიზარდა ინტერესი ევროპის და განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საფრანგეთია, რომელიც სომხურ საზოგადოებაში აღიქმება როგორც მთავარი პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდამჭერი. ეს მხარდაჭერა სომხეთში ძალიან ფასდება არა მხოლოდ პოლიტიკურად და დიპლომატიურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც.


როგორ შეიძლება აისახოს ეს პროცესები სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე?

ვფიქრობ, ეს არჩევნები, რომელიც ერთ თვეში გაიმართება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამხრეთ კავკასიის მომავლისთვის. თუ პრორუსული ძალები შეძლებენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება და ის რეგიონში საკუთარ გავლენას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

რა თქმა უნდა, რუსეთი რეგიონიდან არსად წასულა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის კვლავ შეეცდება დომინანტური პოზიციის დაბრუნებას. სომხეთის გავლით რუსეთი დამატებით ბერკეტებს მიიღებს აზერბაიჯანზეც ზეწოლისთვის. საქართველოც მის გარემოცვაში მოექცევა. სწორედ ამიტომ ცდილობს მოსკოვი პრორუსული ძალების გაძლიერებას.

თუმცა ამ ეტაპზე ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.

პრორუსული ძალების რეიტინგი არც ისე მაღალია და დიდი ალბათობით ფაშინიანი კვლავ გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში ის უფრო თავდაჯერებულად გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს რუსეთის გავლენის შემცირებას სომხეთსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. თუმცა ეს პროცესი დროში გაწელილი იქნება.

თავად ფაშინიანის გეგმებშიც არ შედის რუსეთთან ურთიერთობების მკვეთრი გაწყვეტა. საუბარია თანდათანობით დისტანცირებაზე, ევროპასთან დაახლოებაზე და მეზობლებთან – თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გაგრძელებაზე, მაშინ როცა, პრორუსული ძალები ნაციონალისტურ დღის წესრიგს იყენებენ და ამ სამშვიდობო პროცესის შეჩერებას ცდილობენ. მაგალითად, სამველ კარაპეტიანი უკვე აცხადებდა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტები შესაძლოა არ შესრულდეს. ფაქტობრივად, საუბარია შეთანხმებების საბოტაჟზე. სავარაუდოდ, კვლავ გააქტიურდება ყარაბაღელების დაბრუნების თემა, გაძლიერდება კონფრონტაციული რიტორიკა აზერბაიჯანის მიმართ, შემცირდება სამშვიდობო დღის წესრიგი და გაიზრდება რუსეთის გავლენა უსაფრთხოების საკითხებში.

რუსეთი კი სომხეთის ფაქტორს გამოიყენებს აზერბაიჯანზე ზეწოლის ინსტრუმენტად. სწორედ ამიტომ აჩვენა ამ სამიტმა, რომ ევროპელი მოთამაშეები ფაშინიანზე საკმაოდ სერიოზულ ფსონს დებენ.


რამდენად დიდია სომხურ საზოგადოებაში პროდასავლური განწყობების ზრდის პერსპექტივა? 

ბოლო დრომდე ევროპული პერსპექტივა და განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტურად არ მიიჩნეოდა. ახლა, როდესაც სომხეთი ცდილობს რუსული გავლენებისგან გამოსვლას, ყარაბაღის კონფლიქტი დასრულებულად მიიჩნევა, ხოლო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ნორმალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ევროპული პერსპექტივა ბევრისთვის უფრო რეალური გახდა.

თუ აქამდე ევროპის მიმართ უბრალოდ დადებითი დამოკიდებულება არსებობდა, დღეს სულ უფრო მეტი მოქალაქე ფიქრობს, რომ ეს პერსპექტივა პრაქტიკულად მიღწევადია.

რა თქმა უნდა, უახლოეს წლებში ევროკავშირში გაწევრიანებას არავინ ელოდება, თუმცა სომხეთის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია უკვე საკმაოდ ახლო პერსპექტივად განიხილება.