სომხეთის სიუნიქის პროვინციის სოფელ შაქიში სომხეთის მოქალაქეს ფეხში ესროლეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის (NSS) ინფორმაციით, სროლა აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურემ განახორციელა, რომელიც დააკავეს. 

NSS-ის ცნობით, 29 სექტემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სომხურ მხარეს აცნობა, რომ აზერბაიჯანის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მოსამსახურემ სამსახურის ადგილი გაურკვეველ ვითარებაში დატოვა. არ გამოირიცხებოდა, რომ მას შესაძლოა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაეკვეთა.

ამის შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამისმა უწყებებმა მისი ძებნისთვის შესაბამისი ღონისძიებები დაიწყეს.

1 ოქტომბერს, 14:15-ზე, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ შაქიში სომხეთის მოქალაქეს ფეხში ესროლეს.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის ოპერატიული ჯგუფები მივიდნენ. უწყების ინფორმაციით, გადაუდებელი ღონისძიებები ჩატარდა შემთხვევის ყველა გარემოების დასადგენად.

გამოძიებით დადგინდა, რომ სროლა აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურემ განახორციელა, რის შემდეგაც ის დააკავეს. შემთხვევის დეტალები აზერბაიჯანულ მხარესაც მიაწოდეს. 

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ცალკე უარყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სიუნიქში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.