სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 4 ოქტომბერს 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეს გააკეთა ციხის თანამშრომლის თვალწინ, „დემონსტრაციულად“.
უწყება აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით მას „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა.
„2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები“, – წერია განცხადებაში.
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.
დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. პატიმარი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.
