აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები „აბსოლუტურ ისტორიულ მაქსიმუმზეა“.
ამის შესახებ ბარციცმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა 1 ოქტომბერს გაიმართა.
„თუ შევაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას, დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აბსოლუტურ ისტორიულ მაქსიმუმზეა. დღეს ეს არის სრულმასშტაბიანი, ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო დინამიკურად ვითარდება“, – განაცხადა ბარციცმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ბადრა გუნბასა და ვლადიმერ პუტინს უკვე სამი სრულფასოვანი შეხვედრა ჰქონდათ.
ბარციცის შეფასებით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები ასევე დამატებით იმპულსს აძლევს ორმხრივ თანამშრომლობას.
მან განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკური მიმართულება და განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობის გაფართოება.
ბარციცმა ასევე ისაუბრა რუსეთთან თანამშრომლობაზე ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში და აღნიშნა, რომ “აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთში სამედიცინო მომსახურებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ახალი შესაძლებლობები ვითარდება”.
მისივე თქმით, “აფხაზეთის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში რუსეთის რეგიონებთან და ცალკეულ ფედერალურ სამინისტროებთან 35-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა”.
ბარციცმა შეხვედრაზე რუსეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მიმართულებად ასევე „რბილი ძალის“ გამოყენებით ურთიერთქმედება დაასახელა.
