რუსული მედია წერს, რომ ვორონეჟის ოლქში სამართალდამცავებმა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის, ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს.
3 ოქტომბერს, დღისით, მოსკოვში, ჟულებინოს ბულვარზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინაში ქალის დანაწევრებული სხეული იპოვეს. მსხვერპლი რესტორატორ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი, 53 წლის ელენა წერეთელი აღმოჩნდა. მედია წერს, რომ მათ საერთო ბიზნესპროექტები შენარჩუნებული ჰქონდათ.
სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მკვლელობაში ეჭვმიტანილს ავტოფარეხში, სადაც ელენა წერეთლის 19 წლის შვილის ცხედარი ნახეს. გამოძიებამ ასევე ნახა იარაღების სამალავი.
„კომერსანტი“ წერს, რომ დაკავებისას გოგიაშვილთან ერთად იმყოფებოდა 40 წლის ქალი, ამჟამად მოწმდება მისი შესაძლო მონაწილეობა მკვლელობაში.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებაზე რუსეთის სასამართლო, სავარაუდოდ, ორშაბათს იმსჯელებს.
