აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები, ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი, მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც 9 მაისს გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრებიან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრებს გამართავენ.
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესმდივნის, ალხას ჩოლოკუას ინფორმაციით, ბადრა გუნბა მეუღლესთან, ირმა ხაშიგთან ერთად მიიღებს მონაწილეობას საზეიმო ღონისძიებებში.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, 9 მაისს ვლადიმირ პუტინი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევსაც შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, გაგლოევი მოსკოვში უკვე ჩავიდა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსპიკერის, ნატალია ბოსიკოვას თქმით, საზეიმო ღონისძიებამდე მას დაგეგმილი აქვს რამდენიმე სამუშაო შეხვედრაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მოსკოვის წითელ მოედანზე გაიმართება. აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობისა და სამხედრო სასწავლებლების წარმომადგენლები.
მოსკოვის ცნობითვე, წითელი მოედნის თავზე გადაიფრენენ საპილოტაჟო ჯგუფებისა და Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები – ასევე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმ სამხედრო დანაყოფების მუშაობა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობენ და მორიგეობენ სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების, საჰაერო-კოსმოსური ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მართვის პუნქტებზე.
იქამდე გავრცელდა ცნობაც იმის შესახებ, რომ აღლუმზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანენ.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
