ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ადვოკატი კილან გალაგერი, რომელიც ნობელიანტი ჟურნალისტის, მარია რესას და მზია ამაღლობელის საერთაშორისო ადვოკატია, მიიჩნევს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა გამოიყენოს თავისი ბერკეტები „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის პატიმრობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
ამის შესახებ გალაგერმა განაცხადა ლონდონში, სერ ჰარი ევანსის საგამოძიებო ჟურნალისტიკის სამიტზე „სიმართლის მთქმელები“, სადაც წარდგა სამკერდე ნიშნით, წარწერით „გაათავისუფლეთ მზია“.
„მარია [რესა] ამ საქმის დიდი მხარდამჭერია. მზია საოცარი ქალია, გარკვეული ასაკის კიდევ ერთი ქალი, რომელსაც შარშან, ციხეში ყოფნისას 50 წელი შეუსრულდა. იგი 2025 წლის იანვრიდან პატიმრობაში საქართველოში იმყოფება. ის ციხეშია იმის გამო, რომ ჟურნალისტია. მისი სახელი საკმარისად ბევრმა ადამიანმა არ იცის, არც მის საქმეს იცნობენ საკმარისად“, — განაცხადა გალაგერმა.
მისი თქმით, როგორც წესი, დაკავებულთა გასათავისუფლებლად საჭიროა ბერკეტების გამოყენება და იმის უზრუნველყოფა, რომ დაკავებულის პატიმრობაში დატოვება სახელმწიფოსთვის უფრო მეტ პრობლემასთან არის დაკავშირებული, ვიდრე ეს ამად ღირს.
„ჩვენ კი საქართველოსთან მიმართებით რეალური ძალა გვაქვს. „ქართული ოცნების“ ბევრ მაღალჩინოსანს, ვინც პასუხისმგებელია მის დაკავებაზე, ლონდონში აქვს ქონება; მათ აქვთ ფინანსური ინტერესები მთელ ევროპაში, კანადაში, აშშ-ში. ჩვენ გვაქვს მაგნიტსკის სანქციების სისტემა, რომელსაც უნდა ვიყენებდეთ ბევრად უკეთესად“, — დასძინა გალაგერმა.
ამ თემაზე:
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ლონდონისგან ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს
