ლონდონში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც მზია ამაღლობელსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, ვრცლად ისაუბრა მაგნიტსკის აქტის ინიციატორმა, ინვესტორმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა ბილ ბრაუდერმა.

მან გაიხსენა, რომ მაგნიტსკის აქტის კამპანიის საწყის ეტაპზე, როდესაც ის ევროპაში, ეუთოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში ცდილობდა მხარდაჭერის მოპოვებას, საქართველო და ქართველი დეპუტატები ყოველთვის მაქსიმალურად ეთანამშრომლებოდნენ პუტინის წინააღმდეგ, განსხვავებით ზოგიერთი სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ცდილობდნენ გაერკვიათ: “საით უბერავდა ქარი”.

“იცით, საშინლად განვიცდი, რომ ახლა აქ ვზივარ და საქართველოზე ასეთ კონტექსტში გვიწევს საუბარი”, – განაცხადა ბილ ბრაუდერმა.

ბრიტანელმა ინვესტორმა პუტინის მარცხი უწოდა იმას, რომ 2008 წელს, მართალია, მან მიიღო ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ვერ შეძლო მთელი საქართველოს დაპყრობა მიუხედავად წამოწყებული სამხედრო კამპანიისა. ამის შემდეგ კი კრემლმა, ბრაუდერის შეფასებით, “საქართველოს ხელში ჩასაგდებად ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო”.

“გზა, რომლითაც მან საქართველო საბოლოოდ მიიღო, რეალურად ერთი კაცი — ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა. ეს ბევრად უფრო იაფი დაუჯდა, ვიდრე ჯარის გაგზავნა. ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და, დარწმუნებული ვარ, მის წინააღმდეგ ყველანაირი კომპრომატი არსებობს. არ ვიცი, ზუსტად როგორ წარიმართა მოლაპარაკებები, მაგრამ მან საკუთარი თავი ერთგვარ ალტერნატივად წარმოაჩინა და, სხვათა შორის, მის ხელისუფლებაში მოსაყვან კამპანიაში „ეფ-ეს-ბე“ ღრმად იყო ჩართული.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ის ძირითადად რუსეთის დავალებებს ასრულებს და ამას იმ დონეზე აკეთებს, რომ ახლა უკვე აღარანაირი განსხვავება აღარ არის იმაში, თუ როგორ ჩაგრავს საკუთარ ხალხს რუსეთი და როგორ ჩაგრავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს. ზოგიერთ დეტალს აქ პირველად ვისმენ. იმის აღწერა, თუ რა გაუკეთეს მზიას, ზუსტად იმეორებს რუსეთის ხელწერას საკუთარი ხალხის მიმართ. სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, ცემა და მსგავსი ქმედებები — ეს პირდაპირ მათი სამოქმედო სახელმძღვანელოა  და აბსოლუტურად აღარანაირი გეოგრაფიული სხვაობა აღარ არსებობს რუსეთისა და საქართველოს ქმედებებს შორის.

მაშ, რა შემიძლია დავამატო ამ საუბარს? დეტალებში შესვლა არ გვჭირდება, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი აბსურდი და საშინელებაა. ის, რაც ახლა ხდება, არაადამიანურია და ყველამ კარგად ვიცით, რატომაც აკეთებენ ამას — სწორედ ასე იქცევიან დიქტატორები, საბჭოთა რეჟიმის წარმომადგენლები, რუსები და „კაგებე“ (KGB). რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ამის საპასუხოდ?

საინტერესო ის არის, რომ არსებობს ეს კაცი — ივანიშვილი, ოლიგარქი და მილიარდერი, რომელსაც ფული მთელ მსოფლიოში აქვს მიმოფანტული. საერთოდ, რატომ შეიქმნა „მაგნიტსკის აქტი“? სწორედ იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯის ნაცვლად, მიზანში ამოვიღოთ ის კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

მას აქტივები გაერთიანებულ სამეფოშიც აქვს. 2025 წლის ბოლოს, სენატორ კარდინის გამოსამშვიდობებელ მოსმენაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჩვენება მივეცი „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ, სადაც ვისაუბრე ივანიშვილისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს აქტი მის წინააღმდეგ. შემდგომში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის დაასანქცირა და, დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი მას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

თუმცა, როგორც ჩანს, მას აქტივები დიდ ბრიტანეთშიც აქვს, რომელსაც ის ჯერ არ დაუსანქცირებია. დიახ, დიდ ბრიტანეთს ის ჯერ არ დაუსანქცირებია. ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა და, რეალურად, ეს ძალიან მარტივი საქმეა. თუ გაერთიანებულ სამეფოს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და იმ ყველაფრის, რის ერთგულებაზეც ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად საუბრობს, მათ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი და ყველა ის მოსამართლე თუ პროკურორი, რომლებიც მზიას უკანონო, არაადამიანურ და უფლებადამრღვევ პატიმრობაში არიან ჩართულნი.

ამის მიღწევა მარტივია. თუ მას აქტივები ნამდვილად აქ (ბრიტანეთში) აქვს, როგორც წამიკითხავს, მსგავსმა ნაბიჯმა ის უნდა გამოაფხიზლოს და დააფიქროს. ბოლოს მინდა ვთქვა: რაც არ უნდა უიმედოდ ჟღერდეს ეს ყველაფერი, რეალურად, ეს ერთ-ერთი შედარებით მარტივი შემთხვევაა — არა უშალოდ მზიას, არამედ, ზოგადად, საქართველოს საკითხი. ეს გაცილებით მარტივი საქმეა, ვიდრე რუსეთის ან ირანის შემთხვევა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც გეოპოლიტიკური ქარტეხილების ეპიცენტრშია. ეს არ არის სახელმწიფო, რომელიც მყარად დგას ფეხზე და შეუძლია მსგავსი საშინელებები უსასრულოდ გააგრძელოს.

ჩვენ ვნახეთ უნგრეთის შესანიშნავი მაგალითი, რომელიც ალბათ საქართველოს ერთგვარი „უმცროსი ლიგის“ ვერსიაა, მაგრამ მაინც… რეჟიმი, რომელზეც ყველა ფიქრობდა, რომ ორბანის სახით სამუდამოდ იარსებებდა, დრამატულად დაეცა. ვფიქრობ, ახლა, როცა პუტინი საკუთარ ბუნკერში იმალება — პირდაპირი გაგებით, ფიზიკურად ზის ბუნკერში — რუსული გავლენა სუსტდება. იცით, იდეა, რომ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა და შენს ხალხს დასავლეთის ნაცვლად რუსეთის ნაწილად ყოფნა სურდეს, არ მგონია, პოპულარული იყოს.

ვფიქრობ, მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ მსხვერპლთათვის და მოვითხოვოთ სანქციები დამნაშავეების წინააღმდეგ. თუმცა, ამავდროულად, წინ უნდა ვიყუროთ და გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. შეხედეთ ფილიპინებს: ]დუტერტე [დიქტატორი მარია რესას წიგნიდან: “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”] უამრავ საზიზღრობას სჩადიოდა, ახლა კი მას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) უწევს გამკლავება. ვფიქრობ, ამჟამად საქართველოს შემთხვევა უფრო დიდი ალბათობით სწორედ ფილიპინების გზას გაივლის, ვიდრე ირანის ან რუსეთისას”, – განაცხადა ბრაუდერმა.

ლონდონში პრესის თავისუფლების კვირაში გაიმართა ღონისძიება – ბრიფინგი ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის მზია ამაღლობელის საქმეზე და საქართველოში მედიის მდგომარეობაზე. სპიკერებს შორის იყვნენ იყვნენ ბილ ბრაუდერი, მაგნიტსკის სიის ავტორი, ნობელიანტი ჟურნალისტი მარია რესა და კილან გალაჰერი, ადამიანის უფლებათა საკითხების ადვოკატი და ასევე მზიას საერთაშორისო დამცველი.

ბილ ბრაუდერიის შესახებ

ბილ ბრაუდერი არის ამერიკული წარმოშობის ბრიტანელი ფინანსისტი, ინვესტორი და პოლიტიკური აქტივისტი. იგი მსოფლიო მასშტაბით ცნობილია როგორც „მაგნიტსკის აქტის“ ინიციატორი ფიგურა. ბილ ბრაუდერი 2005 წლამდე იყო ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი რუსეთში. 2005 წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორუფციაზე დაიწყო კრიტიკულად საუბარი, რუსეთის მთავრობამ მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ გამოაცხადა. 2008 წელს მისმა ადვოკატმა რუსეთში, სერგეი მაგნიტსკიმ, გამოავლინა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი $230 მილიონი დოლარის ოდენობის მასშტაბური საგადასახადო თაღლითობა. მაგნიტსკი ამის გამო დააპატიმრეს, აწამეს და 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა. სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ, ბილ ბრაუდერი გახდა გლობალური კამპანიის ლიდერი, რომლის მიზანი იყო იმ რუსი ჩინოვნიკების დასჯა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მაგნიტსკის დაპატიმრებაზე, წამებასა და სიკვდილზე. ამ კამპანიის შედეგი იყო „სერგეი მაგნიტსკის სამართლის უზენაესობის პასუხისმგებლობის აქტის“ მიღება აშშ-ის კონგრესის მიერ 2012 წელს. მოგვიანებით, 2016 წელს მიღებულ იქნა „გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა პასუხისმგებლობის აქტი“, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს და სხვა ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, კანადა და ა.შ.), სანქციები დაუწესონ უცხოელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ ან კორუფციაში არიან ჩართულნი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ბრაუდერი დღესაც აგრძელებს აქტიურ საქმიანობას ამ აქტების გამოყენებისთვის და რუსეთის რეჟიმის, მათ შორის ვლადიმერ პუტინისა და მისი გარემოცვის, კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხების გამოვლენას. მან დაწერა ბესტსელერები, მათ შორის “Red Notice” და “Freezing Order”, სადაც აღწერილია მისი გამოცდილება რუსეთში.