ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმებს, გიორგი და დავით მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ  25-109 მუხლის ნ ნაწილით, რაც გულისხმობს შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას. პროკურატურა გიორგი ჯოხაძეს დამატებით ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

გიორგი მიქაძე უკვე თითქმის 9 თვეა პატიმრობაშია. მისი ძმას, დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს კი ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წარდგენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და ორივე მათგანზე ძებნაა გამოცხადებული.

ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. მისი მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს. მან დანაშაული აღიარა, თუმცა თქვა, რომ პირადი მოტივი ჰქონდა, მარტო მოქმედებდა და მკვლელობას შემკვეთი არ ჰყავს.

ძმებ მიქაძეებთან და ჯოხაძესთან ერთად, გამოძიება ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესაც. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.