საზოგადოება

რა (არ) თქვა ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში დაკითხვისას

13 ოქტომბერი, 2025 •
რა (არ) თქვა ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში დაკითხვისას

გელა უძილაურმა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა აღიარა, თუმცა ირწმუნება, რომ წინასწარ არ დაუგეგმავს და არც არავის შეუკვეთია.

ჯანგველაძესთან არსებულ კონფლიქტზე და მკვლელობის დღეზე მან სასამართლოში გამოკითხვისას ისაუბრა. ჩვენების მიცემამდე მან, როგორც მოწმემ, რელიგიური ფიცი დადო, მოსამართლემ კი განუმარტა, რომ უფლება აქვს არ მისცეს საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება.

“2022 წელს მე ვიყავი უკრაინაში, სადღაც 2 თვე მომიწია ცხოვრება. საბრძოლო მოქმედებებში მონაწლება არ მიმიღია. იქ ვიყავი ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორის პოზიციაზე. იქ გავიცანი და დავძმაკაცდი სერგეი ბონდარენკოსთან. სერგეის თავისი ბიტკონების ქარხანა ჰქონდა. ეს ქარხანა მას წართვეეს მოსკოვში ცნობილმა ქართველმა კრიმინალებმა ჯანგვალაძეებმა. ლევანი იყო ერთ-ერთი. […]”, – ამბობს უძილაური.

როგორც უძილაურის მონაყოლიდან ირკვევა, მან ბონდარენკოსა და ჯანგველაძეს შორის შუამავლობა იკისრა, სანაცვლოდ კი გარიგებიდან წილის მიღების მოლოდინი ჰქონდა. უძილაურის თქმით, სკაიპით საუბრის დროს ჯანგველაძე მათ დაემუქრა, რომ “მიხედავდნენ”. იმავე საღამოს, რამდენიმე საათში 10-მდე ადამიანმა სცემა.

“მე და სერგეი მივედით შეხვედრის ადგილას. მოვიდნენ ორი ჯიპით […] ძაან საზიზღრად მოგვექცნენ. გადაგვიარეს ზედ. ძაან ცუდად მოგვექცნენ. გაგვსკოჩეს, ჩაგვყარეს მანქანაში. თან ამ ყველაფერს იღებდნენ ტელეფონით. წაგვიყვანეს, სადღაც დაგვყარეს. უზომოდ შეურაცხყოფილები დაგვტოვეს […] ცოტა ხანი გავჩერდი უკრიანაში, ალბათ, სადღაც 2 კვირა, და წამოვედი საქართველოში. გავაგრძელე ჩვეულებრივად ცხოვრება”, – ჰყვება უძილაური.

უკრაინაში წასვლამდე უძილაური მუშაობდა ამავე საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჯოხაძესთან. იყო მისი პირადი დაცვა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვლავ ჯოხაძესთან გააგრძელა მუშაობა. პროკურორის კითხვის საპასუხოდ უძილაურმა თქვა, რომ ჯანგველაძესთან მომხდარ ინციდენტის შესახებ ჯოხაძისთვის არ მოუყოლია. თუმცა ცდილობდა მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ლევან ჯანგველაძეზე მხოლოდ დადებითი ცნობების მოგროვება შეძლო – რომ ჯანგველაძე იყო ბიზნესმენი, მეცენატი და ა.შ. უძილაური ამბობს, რომ უნდოდა მასთან საუბარი უკრაინაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

“ვიღაცას მეტი ფული აქვს და მეტი ღირსება აქვს და ვიღაცას ნაკლები ფული აქვს და ნაკლები ღირსება აქვს, ასე არ არის? შეურაცხყოფილი ვიყავი ძალიან […] ვიცოდი, რომ საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა, მაგრამ ცხოვრობდა სადღაც პარლამენტის უკან […] ლევანთან მინდოდა ისეთი ლაპარაკი – როგორც შენ მოგვექეცი ჩვენ, მაგის საჭიროება არ იყო-მეთქი […] ასეთი ტონით მინდოდა დალაპარაკება. ყველანაირი კონფლიქტის გარეშე. პირდაპირ გეტყვით, ლევანთან კონფლიქტი ნამდვილად არ მაწყობდა.

მე და სერგეის მოკითხვები გვქონდა ერთმანეთში. ვძმაკაცობდით. 13 მარტს ჩვეულებრივად მოვიკითხეთ ერთმანეთი. სერგეიმ მითხრა, რომ ლევანს მეგობარი დაეღუპა საქართველოში. სერგეისაც, სავარაუდოდ, თავისი კავშირი ექნებოდა რუსეთში, არ ვიცი […] სერგეიმ მითხრა, ვინმე გურამ მოქია არისო და სადღაც ჭავჭავაძის დასაწყისში უნდა ცხოვრობდესო. 13 მარტს ვიყავი გამოსული ჭავჭავაძეზე. ვნახე ეს მისამართი, სადაც იყო სამძიმარი. საღამოს წავედი სახლში. მე ხომ ვიცოდი, რომ დასაფლავება უნდა ყოფილიყო 15-ში, შაბათს. ვფიქრობდი, რომ შაბათს მივსულიყავი დასაფლავებაზე და ლევანს ან ვნახავდი, ან არ ვნახავდი.

პარასკევს საღამოს მე ჩემი პირადი საქმე მქონდა. საღამოს 6 საათზე გამოვედი სახლიდან […] კლასიკური სტილის ჩასაცმელი მეცვა იმ საღამოს. ხელში მეჭირა რაიონში წასაღებად ცელოფანი. იარაღი, რომელიც მქონდა, იყო ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, ვალერი თანიაშვილის სახსოვარი. ამის წაღება დიდი ხანია მინდოდა რაიონში და ხან დამავიწყდა, ხან ის, ხან ის. ეს იარაღიც რაიონში მიმქონდა […] სუფთა იარაღია, დანაშაულში მონაწილე იარაღი არ არის და როგორც სახსოვარს, ისე ვუფრთხილდებოდი […] საღამოს 6 საათია. მე რაიონში უნდა წავიდე, მეორე დღეს დილით უნდა გავიდე რუსთავის ბაზრობაზე – რაღაცა მანქანების ნახვა მინდოდა, მერე უნდა მივიდე სამძიმარზე, სადაც ლევანის ან ვნახავ, ან არა. ჩემი დღის რეჟიმი ასე მქონდა გაწერილი”, – თქვა უძილაურმა სასამართლოში.

უძილაური ჰყვება, რომ პარასკევს, 14-ში, სანამ რაიონში წავიდოდი, უნივერსიტეტის ქუჩაზე ნაცნობ გოგოსთან (ვინმე სვეტასთან) შესახვედრად გადაადგილდა. იქ მისვლამდე კი სოფელში წასაღებად გამზადებული “6-7 ცელოფანი” და ზამთრის ქურთუკი ვერეს ხეობაში, კონკრეტულ ადგილას დატოვა. ის ჰყვება, რომ საცობის გამო დააგვიანდა, ამიტომ სვეტასთან შეხვედრა ვერ შედგა. რადგან თავისუფალი დრო გამოუჩნდა, გადაწყვიტა, ჯანგველაძე იმ დღესვე ენახა. უძილაურის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე დაახლოებით 21:00 საათამდე მივიდა.

“მივედი. ველოდები – თუ მოვიდა, მოვიდა, თუ არადა, სახლში წასვლას ვაპირებდი. ალბათ, ერთი 2 საათი მომიწია ლოდინი […] ტელეფონში ჩავყურებდი, რაღაც თამაშები მეწერა და ვთამაშობდი. ვიღაც მოვიდა, მისამართი მკითხა. არც შემიხედავს, ეგრევე მივხვდი, რომ ლევანი იყო […] ლევანმა მკითხა მისამართი – 7 ნომერი თუ რაღაც. პირდაპირ გეტყვით, ლევანი რომ დავინახე, ხმა გავიგონე, მაგრად ავირიე, რა. ლევანმა რომ გაიარა, დამაკვირდა – ადამიანი რომ სადღაც გინახავს და ვერ იხსენებ – ისე. მე თვალი გავაყოლე. ვაპირებდი გამოვლაპარაკებოდი – მინდოდა მეთქვა, რასაც ვაპირებდი, რომ მაშინ შენ რაც გაგვიკეთე, მინდ,ა რომ დავიჯერო-მეთქი, რომ ეს იმ შენმა ბანდის წევრებმა თავიანთი ინიციატივით გააკეთეს. არ მინდოდა ლევანთან შევსულიყავი კონფლიქტში. ვიფიქრე, პანაშვიდზე რომ ავა, დავიწყნარებდი თავს და რომ ჩამოვა, მერე ვნახავდი […] ორწელიწად-ნახევარი იყო გასული. შეურაცხყოფილ ადამიანს უნდა, რომ ვინც შეურაცხყოფა მიაყენა, ნახოს და 1-2 სიტყვით დაელაპარაკოს. მე ასე ვფიქრობ.

ლევანი რომ ჩამოვიდა, თან ახლდა მეორე [პიროვნება]. ლევანი რომ მოდიოდა, დავინახე და ავდექი ფეხზე – სკამზე ვიჯექი. ფეხზე იმიტომ ავდექი, რომ პირდაპირ არ მინდოდა – “შენ, ერთი წუთით” და ა.შ. ცივილური ფორმით მინდოდა […] რომ გამოიარა, შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა. მე წავედი ლევანის მიმართულებით […] ერთი შემოტრიალება შემომიტრიალდა, ლევანმა რომ შემომხედა, დაძახებას ვაპირებდი, მეორედ როგორც კი შემომიტრიალდა, “რესკად” შემომიტრიალდა და მაგრად დავიძაბე – ყველაფერი ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ის სისასტიკე და ყველაფერი –  წამში ვიფიქრე, იარაღს ამოიღებს-მეთქი. შემოვტრიალდი და მოკლედ, თავი ვეღარ გავიკონტროლე. მინდოდა, რომ დამეჭრა. ნერვები ვეღარ მოვთოკე. რომ ამოვიღე იარაღი და გავისროლე ლევანის მიმართულებით, ლევანს არ მოხვედრია. პირველ გასროლას ვიძახი […] წაიქცა. ვუთხარი, არ გაინძრე, არ ამოიღო იარაღი, გესვრი-მეთქი. წამოდგა. არ ამოიღო, არ ამოიღო იარაღი, გესვრი-მეთქი და სანამ ამოიღო, ვესროლე. წაიქცა ლევანი.

[…] წავედი მონასტერში. რატომღაც, ისეთი განცდა მქონდა, რომ ლევანი იყო დაჭრილი […] ჩამოვედი თბილისში, დახეული ტანსაცმელი მეცვა, ვფიქრობდი, გამომეცვალა და წავსულიყავი ისევ მონასტერში, მერე რამდენიმე დღეში ჩამოვსულიყავი და ჩავბარებოდი პოლიციას. სანამ მონასტერში წავედი, შევედი სასტუმროში, მაინტერესებდა ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩავრთე ტელევიზორი., გამოვედი სასტუმროდან და წავედი მონასტერში. მონასტერში დიდხანს ვერ გავჩერდი […] ორშაბათს მინდოდა, რომ ჩავბარებოდი პოლიციაში. მეგონა, რომ ლევანი დაჭრილი იყო, მაგრამ მაინც მინდოდა ჩავბარებოდი.

[…] სანამ სვეტას დავურეკავდი [მეგობარი გოგო], რესეფშენიდან მინდოდა გიორგი ჯოხაძესთან დარეკვა. ადამიანებს რომ რაღაცა უბედურება დაგემართება, ხომ ვიცით ვიღაცასთან დარეკვა, რომ ასეთი რაღაც დამემართა – აი, ამ პრინციპით ვრეკავდი […] კავშირი ვერ შედგა ჩვენ შორის. ეგ ნომერი იყო თუ არა, დარწმუნებული არ ვიყავი. […] გამოვედი სასტუმროდან და მამუკა ბაღდავაძესთან წამოვედი”, – თქვა უძილაურმა.

უძილაურის თქმით, მამუკა ბაღდავაძეს იცნობს, როგორც ჯოხაძის ძმაკაცს – რადგან თავად ჯოხაძეს ვერ დაუკავშირდა, გადაწყვიტა მისულიყო ბაღდავაძესთან და მისი გავლით დაჰკავშირებოდა ჯოხაძეს. უძილაური ჰყვება, რომ ბაღდავაძესთან ტაქსით წავიდა. გზაში კი გადაწყვიტა, რომ პოლიციას ჩაჰბარებოდა. ოღონდ, ჩაბარებამდე, ეკლესიაში გავლა უნდოდა.

“ამას რომ ვლაპარაკობ მე, პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად კი არ ვამბობ. ყველამ თავის საქციელზე უნდა აგოს პასუხი”, – თქვა გელა უძილაურმა […] ეკლესიაში უნდა მოვსულიყავი, ნახევარი საათი გავჩერებულიყავი და პირდაპირ პოლიციაში. ვაპირებდი ჩაბარებას […] მამუკასთან არ შევსულვარ, სპეციალურად მამუკას სანახავად არ შევსულვარ […] ეზოს კარი იყო ღია და შევედი ტუალეტში. მამუკა რომ იქ დამხვედროდა, ბუნებრივია, ვნახავდი, მაგრამ მამუკას სანახავად არ შევსულვარ […] იქ ვიყავი შესული, გამოვედი, წამოვედი და დამაკავეს”, – ამბობს უძილაური და აზუსტებს, რომ იმ ეზოში არც მამუკა ბაღდავაძე და არც სხვა ვინმე არ უნახავს.

განყოფილებიდან ცოლს დაურეკა, რომელსაც სთხოვა, მამუკა ბაღდავაძესთან დაერეკა და მისთვის ადვოკატი ეთხოვა.

უძილაურმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ყველა მისი მოქმედება ჯანგველაძესთან შეხვედრამდე კამერების წინ იყო და ის არ ემალებოდა მათ. ყურადღება გაამახვილა იამზეც, რომ ზამთრის ქურთუკი, რომლითაც უკეთ შეეძლო თავის შენიღბვა, გაიხადა და ღია ფერის, კლასიკური ქურთუკი ჩაიცვა. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჯანგველაძის მკვლელობა რომ დაგეგმილი ჰქონოდა, პირველივე შეხვედრისას ესროდა.

“როგორ შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმა – პოლიციაში ნამუშევარი ვარ 15 წელი – შუა ჭავჭავაძეზე დაგეგმოს მკვლელობა ყველანაირი შენიღბვის გარეშე?!”, – იკითხა გელა უძილაურმა.

ეს არის ამბის ის ვერსია, რომელიც თავად გელა უძილაურმა მოყვა. ამის შემდეგ კითხვების დასმა დაიწყო პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. უძილაურის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე [17:50] გრძელდება.

გამოძიების ვერსიით კი ლევან ჯანგველაძე გელა უძილაურმა შეკვეთით მოკლა. შემკვეთებად გამოძიება ასახელებს ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს. მედიაში არსებული ინფორმაციით, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები არიან ბიზნესმენები და ასევე კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირები, რომლებიც ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებად მოიაზრებიან. მიქაძეები მომხდართან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ. გიორგი მიქაძე დაპატიმრებულია, ხოლო დავითი  ქვეყანაში არ იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი