უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სიბიჰა აცხადებს, ბოჭორიშვილთან განიხილეს როგორც უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები, ასევე ევროინტეგრაციის საკითხები და შეთანხმდნენ შემდგომში კომუნიკაციის გაგრძელებაზე .
„ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.
ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ ევროინტეგრაციის საკითხები და ხაზი გავუსვით ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს გლობალურ პროცესებში.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.
შევთანხმდით შემდგომში კონტაქტის გაგრძელებაზე“, – წერს სიბიჰა X-ზე.
4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს შეეხო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაკა ბოჭორიშვილი.
4-5 მაისს სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი იმართება თემაზე: „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვია. სამიტში მონაწილეობისთვის ერევანში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩავიდნენ. სამიტზე პირველად, სტუმრის სტატუსით მიწვეულია არაევროპული ქვეყნის ლიდერი – კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.
