2026 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა , ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 1.7 პროცენტით გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) უახლესი ანგარიშის მიხედვით, ფასების საერთო დონის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ პირველადი მოხმარების პროდუქტების, კერძოდ კი, სურსათის გაძვირებამ იქონია.
რა ხდება სურსათის ბაზარზე? (წლიური მიმოხილვა)
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში დაფიქსირებულმა ფასების ზრდამ უდიდესი გავლენა მოახდინა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები წლიურად 7.5 პროცენტით გაიზარდა , რამაც საერთო წლიურ ინფლაციაში 2.58 პროცენტული პუნქტიანი წვლილი შეიტანა.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაძვირება მომხმარებლებისთვის დაფიქსირდა ყოველდღიური საჭიროების შემდეგ პროდუქტებზე (წინა წლის აპრილთან შედარებით):
- თევზეული გაძვირდა 21.3 პროცენტით;
- ხილი და ყურძენი – 11.8 პროცენტით;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.1 პროცენტით;
- ბოსტნეული და ბაღჩეული – 9.3 პროცენტით;
- პური და პურპროდუქტები – 7.7 პროცენტით;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 7.3 პროცენტით;
- ზეთი და ცხიმი – 6.3 პროცენტით;
- რძე, ყველი და კვერცხი – 4.5 პროცენტით;
- ყავა, ჩაი და კაკაო – 3.2 პროცენტით.
ყოველთვიური ცვლილებები სურსათის სექტორში
რაც შეეხება მოკლევადიან, ერთთვიან პერსპექტივას, მარტთან შედარებით აპრილში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა. ერთ თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი (3.7 პროცენტით) , ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1 პროცენტით) და შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტით).
თუმცა აღსანიშნავია, რომ აპრილში წინა თვესთან შედარებით დაფიქსირდა ფასების კლებაც გარკვეულ პროდუქტებზე, კერძოდ, რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფში ფასები 1.5 პროცენტით შემცირდა.
ინფლაციის სხვა ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები
გარდა საკვები პროდუქტებისა, წლიური ინფლაციის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემდეგმა სექტორებმა:
- ტრანსპორტი: ამ კატეგორიაში ფასები წლიურად 10.3 პროცენტით გაიზარდა , რაც მთლიან ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის 15.1 -პროცენტიანი და სატრანსპორტო მომსახურების 9.2 -პროცენტიანი გაძვირებით.
- საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და აირი: ამ ჯგუფში ფასებმა 6.5 პროცენტით მოიმატა. აღნიშნული ზრდის მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფში დაფიქსირებული ფასების 10.2- პროცენტიანი მატება იყო.
როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, 2026 წლის აპრილში ქვეყანაში არსებული ინფლაციური ფონი ძირითადად მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და სერვისების — სურსათის, კომუნალური გადასახადებისა და ტრანსპორტირების გაძვირებით იყო განპირობებული.
