დღეს, 30 აპრილს, კრწანისისა და გონიოს დაცვის საორგანიზაციო ჯგუფმა ამ ორი ტერიტორიის შესახებ ანგარიში წარადგინა.
საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს ამ ორ უნიკალურ ტერიტორიასთან დაკავშირებით მდგომარეობა საგანგაშოა.
საორგანიზაციო ჯგუფის თანახმად, სპეციალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და დასკვნების საფუძველზე, გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი საფრთხეები, რომლებსაც პროექტი „Eagle Hills“ წარმოშობს.
კერძოდ:
- სახელმწიფო ქონების განკარგვისა და მთლიანად პროექტის გაუმჭვირვალობა; მათ შორის, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება;
- სახელმწიფო ქონების ეკონომიკურად დაუსაბუთებელი განკარგვა;
- კრწანისის ჭალის ტყეებისა და ტყე-პარკის ეკოსისტემების, გონიოში ფრინველთა გადაფრენისა და ბუდობის ადგილების, აგრეთვე „ზურმუხტის ქსელის“ არეალში მშენებლობის წარმოების რისკების შეუსწავლელობა;
- ტყე-პარკში საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლთა დასაფლავების ადგილების შესაძლო დაუცველობა;
- პოტენციურ მიგრანტთა ნაკადების საზოგადოებაზე ზემოქმედების შეუსწავლელობა;
- შესაძლო კორუფციული ფულადი ნაკადების შემოდინებისა და გათეთრების საფრთხე.
- საქართველოზე დიდი მოცულობის შესაძლო საარბიტრაჟო ჯარიმების დაკისრება.
ფინანსური რისკები და გასაიდუმლოებული ხელშეკრულება
საოგრანიზაციო ჯგუფის განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფინანსური საფრთხეები და კორუფციული ეჭვები.
მათი განცხადებით, სრულად დაუდგენელია პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობა.
„ამასთან, „ქართული ოცნება“ და არაბული კომპანია აცხადებენ, რომ უკვე გაყიდულია 300-მდე ბინა იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვაც კი არ არის გაცემული. ეს ფაქტი, პროექტის გასაიდუმლოებასთან ერთად, აღრმავებს კორუფციულ ვარაუდებს.
გვახსოვს „ნამახვანჰესის“ გამოცდილება, როდესაც არაკომპეტენტურად შედგენილმა ხელშეკრულებამ მოსახლეობას მილიარდ ლარამდე ზარალი მიაყენა. ამ ეჭვის გაფანტვა ხელისუფლებასა და ინვესტორს მარტივად შეუძლიათ ხელშეკრულების იმ ნაწილის გასაჯაროებით, რომელიც მხარეთა პასუხისმგებლობებსა და დავის გადაწყვეტის წესებს შეეხება.
არსებობს მეორე ფინანსური საფრთხეც: გონიოს სამშენებლო ტერიტორია შედის მსოფლიოს „ზურმუხტის ქსელში“. მისი განადგურების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა დიდი მოცულობის საარბიტრაჟო ჯარიმები დაეკისროს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის განადგურების შემთხვევაში ის ჩაანაცვლოს, ჩვენს შემთხვევაში კი გონიოს ჩანაცვლება შეუძლებელია, და თეორიულად რომც არსებობდეს ამის საშუალება, ისიც კოლოსალურ თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული“, – აცხადებს საორგანიზაციო ჯგუფი.
საოგრანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, 200-ზე მეტი წერილითა და განცხადებით მიმართეს სხვადასხვა უწყებას, სამშენებლო კომპანიასა და ფინანსურ ფონდს. მათივე თქმით, კომუნიკაცია ჰქონდათ საამიროების სახელმწიფო წარმომადგენლებთანაც.
„ვითარების შესახებ ვაცნობეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის — ბერნის კონვენციის სამდივნოს, რადგან პროექტი არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო ვალდებულებებს.
ჩვენს ნაბიჯებს უკვე მოჰყვა რეაქცია: ხელისუფლების წარმომადგენლები, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს მოუსმინონ, არაბულ მხარეს ამშვიდებენ, თითქოს წინააღმდეგობას მხოლოდ „მარგინალური ჯგუფები“ გამოხატავენ. ეს მაშინ, როცა ცხადია, რომ პროექტი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია“, – აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.
სამართლებრივი მდგომარეობა: უზუფრუქტის უფლება
როგორც საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ“ კომპანია „Eagle Hills“-ს, ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემამდე, მიანიჭა უზუფრუქტის უფლება. მათი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ კომპანიას საკუთრების უფლების გარეშეც შეუძლია 900 ჰექტარ ქართულ მიწაზე სხვადასხვა სამუშაოების წარმოება.
„ჩვენი ჯგუფი ამუშავებს ყველა სამართლებრივ და ტექნიკურ ბერკეტს, რათა დავიცვათ მოქალაქეების ინტერესები როგორც უზუფრუქტის, ისე პროექტის შემდგომ ეტაპებზე“, – აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფში.
როგორც „ჯერ საქართველოს – Georgia First-ის“ თანადამფუძნებელმა, ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, ვინაიდან Eagle Hills-თან ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს, საორგანიზაციო ჯგუფი სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს.
მისი თქმით, მოსარჩელე შეიძლება იყოს ნებისმიერი ჯგუფი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს უფლება, წვდომა იქონიოს საჯარო ინფორმაციაზე, გარდა იმ პირობებისა, რომლებიც ასეთი წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს.
როგორც ვიქტორ ყიფიანი ამბობს, სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იქნება ის, რომ ხელისუფლებამ დაასაბუთოს, თუ რა გარემოებებით შეეზღუდათ მოქალაქეებს უფლება, სრული წარმოდგენა იქონიონ პროექტთან დაკავშირებით.
„არაერთი იურიდიული კითხვა არის, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ მიაკუთვნა კომერციული საიდუმლოს დოკუმენტის სტატუსი, თუმცა ჩვენი აზრით და გარკვეული შეფასებით, რომელიც სასამართლო პრაქტიკას ეფუძნება, ვეცდებით დავასაბუთოთ, რომ საჯარო სიკეთე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული მხარის კომერციული საიდუმლოება და მისი ინტერესი.
საკითხი დამუშავების ეტაპზეა. ეს არ იქნება მარტივი სასარჩელო მოთხოვნა, მით უმეტეს, იმ პირობებში, რასაც ქართული მართლმსაჯულება დღეს წარმოადგენს. გასაგებია ისიც, რომ პოლიტიკა ძალიან მსუყედ არის ამ პროექტში შესული ყველა თავისი განშტოებით“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა 2 მაისს, 12:00 საათზე, კრწანისში საერთო გასვლა დააანონსეს.
„ორგანიზაცია „სადაგის“ დახმარებით, ერთობლივად გავასუფთავებთ ტერიტორიას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ კრწანისის ტყე-პარკის მნიშვნელობას. შეკრება დაიწყება თავისუფლების მოედნიდან (ტრანსპორტირება 345-ე ავტობუსით).
ჩვენი ჯგუფი გააგრძელებს მოპოვებული ინფორმაციის საჯაროდ გაზიარებას პერიოდული ბრიფინგების მეშვეობით“, – აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფში.
კრწანისისა და გონიოს დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს. როგორც საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, მათი მიზანია გადაარჩინონ ეს სივრცეები სრული „ჩაბეტონებისგან“ და შეუნარჩუნონ ისინი მომავალ თაობებს, როგორც ეროვნული მემკვიდრეობა და ბუნებრივი საგანძური.
ჯგუფის საქმიანობა დაიწყო 2026 წლის 7 თებერვლის კონფერენციით, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, დარგის სპეციალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ Eagle Hills-თან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის ღირებულების დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი არ აქვს, ხელშეკრულების გასაიდუმლოება კი სტანდარტული პრაქტიკაა ასეთ ინვესტიციებთან დაკავშირებით.
საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც Eagle Hills საინვესტიციო პროექტებს გეგმავს, ახორციელებს ან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც აღმოჩნდა, ინვესტიციის ირგვლივ კითხვებს სხვა ქვეყნებშიც სვამდნენ.
