ბოლო დღეებია საქართველოში დისკუსია არ წყდება არაბულ კომპანია Eagle Hills-თან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების ირგვლივ.
Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის ღირებულების დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. “ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი არ აქვს, ხელშეკრულების გასაიდუმლოება კი სტანდარტული პრაქტიკაა ასეთ ინვესტიციებთან დაკავშირებით.
საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც Eagle Hills საინვესტიციო პროექტებს გეგმავს, ახორციელებს ან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც აღმოჩნდა, ინვესტიციის ირგვლივ კითხვებს სხვა ქვეყნებშიც სვამდნენ.
რა ვიცით Eagle Hills-ზე?
„ქართული ოცნების“ სპიკერები თავდაპირველად ხშირად აცხადებდნენ, რომ ინვესტიციისთვის საქართველოში Emaar ჯგუფი შემოჰყავდათ, თუმცა საბოლოო კონტრაქტი Eagle Hills-თან გაფორმდა.
Eagle Hills და Emaar ორი სხვადასხვა კომპანიაა. Emaar Properties 1997 წელს დუბაიში დაფუძნებული კომპანია და მისი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი აქციონერი დუბაის მთავრობაა. Emaar Properties ცნობილია დუბაის საკულტო პროექტებით, როგორიცაა ბურჯ ხალიფა და დუბაის მოლი.
Eagle Hills არის უძრავი ქონების ასევე არაბული კერძო საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა.
Eagle Hills და Emaar-ს საერთო დამფუძნებელი და თავმჯდომარე ჰყავთ – მოჰამედ ალაბარი. თუმცა განსხვავდება მათი მფლობელი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, Eagle Hills-ის ძირითადი მფლობელი სწორედ მოჰამედ ალაბარია, ეს კერძო კომპანიაა, რომლის აქციებიც სავაჭრო ბირჟებზე არ ივაჭრება. Emaar-ის ძირითადი მფლობელი დუბაის მთავრობაა. მისი აქციები ხელმისაწვდომია საჯარო ვაჭრობისთვის დუბაის ფინანსურ ბაზარზე (DFM). ამის გამო Emaar ვალდებულია გამოაქვეყნოს დეტალური ფინანსური ანგარიშები და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა. იგივე ვალდებულება Eagle Hills-ს არ აქვს.
Eagle Hills-ს ხშირად მოიხსენიებენ როგორც Emaar-სგან დამოუკიდებელ, მაგრამ დაკავშირებული კომპანიად, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად, განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, რომლებიც Emaar-ის ძირითადი ფოკუსის არეალის – დუბაის – გარეთ მდებარეობს. თუმცა Eagle Hills -ს პროექტები არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც აქვს, მაგალითად, აბუ-დაბისა და შარჯაში.
სწორედ მუჰამედ ალაბარმა გახსნა 21 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კინო რუსთაველის შენობაში Eagle Hills-ის საქართველოს ოფისი

ფოტო: თბილისში Eagle Hills-ის ოფისის გახსნა
Eagle Hills-ს პროექტები არაერთ ქვეყანაში აქვს. კომპანიის პორტფელი მოიცავს მრავალმილიარდიანი ღირებულების პროექტებს ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.
Eagle Hills-ის სახელი დაკავშირებულია ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: სერბეთი, ხორვატია, ლატვია, ალბანეთი, უნგრეთი, იორდანია, მონტენეგრო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, ეთიოპია, ეგვიპტე, ბაჰრეინი და სხვა.
Eagle Hills Properties-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას პროექტები 18-ზე მეტ ქვეყანაში აქვს. კომპანიის გვერდზე სხვადასხვა მიმდინარე ან დაგეგმილი პროექტია ჩამოთვლილი, თუმცა საიტზე არაა ინფორმაცია, რომელი მათგანია უკვე ბოლომდე დასრულებული.
Eagle Hills-ის დასრულებული პროექტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არც სხვა ღია წყაროებში იძებნება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ახალი, დაახლოებით 10 წლის წინ დაფუძნებული კომპანიაა. თუმცა გვხვდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში Eagle Hills-მა მიმდინარე მსხვილი პროექტების ფარგლებში რამდენიმე ობიექტი დაასრულა. საუბარია გაერთიანებულ საემიროებზე, ომანზე, იორდანიაზე, ბაჰრეინსა და სერბეთზე.
Eagle Hills-ის გამოცდილება ევროპაში
Eagle Hills-ის პროექტებმა კრიტიკა და კითხვები სხვა ქვეყნებშიც გამოიწვია და საბოლოოდ ზოგიერთი პროექტი საერთოდ ვეღარ განხორციელდა.
Eagle Hills-ის პროექტების მიმართ კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი “გამჭვირვალობის ნაკლებობაა”. სხვადასხვა ქვეყანაში Eagle Hills-ის პროექტების კრიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი მეგაპროექტები რისკის ქვეშ აყენებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და დევნის მცირე ბიზნესებს, რომლებიც ვერ უწევენ კონკურენციას გლობალური ფუფუნების ბრენდებს.
ზოგადად Eagle Hills-ის კონცეფციაა წყლისპირა ქალაქი, რასაც თავის თითქმის ყველა პროექტში ახორციელებს. ეს გულისხმობს მასშტაბური, მრავალფუნქციური ურბანული პროექტების შექმნას ქალაქების წყლისპირა ტერიტორიებზე (მდინარის, ტბის ან ზღვის სანაპიროებზე). ეს კონცეფცია არის Eagle Hills-ის საფირმო სტილი და ფოკუსირებულია არა უბრალოდ მშენებლობაზე, არამედ მაღალი კლასის ურბანული ცენტრის შექმნაზე.
სერბეთი
ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პროექტი, რომელსაც Eagle Hills ახორციელებს, „ბელგრადის სანაპიროა“ (Belgrade Waterfront). ბელგრადის პროექტის ღირებულება 3 მილიარდი დოლარია. სერბეთის მთავრობამ Eagle Hills-ს პროექტისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი 99 წლით იჯარით გადასცა. ბიზნესის 68%-ს Eagle Hills ფლობს, ხოლო სერბეთის მთავრობა 32%-იანი წილის მფლობელია.
პროექტი 2015 წელს დაიწყო და სერბეთში მას გაუმჭვირვალე დაგეგმვის, საჯარო მონაწილეობის გამორიცხვისა და სახელმწიფო მიწის უცხოელი დეველოპერებისთვის გადაცემის საფუძვლებით აკრიტიკებდნენ, რაც ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა. დაპირისპირება გამწვავდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2016 წელს ნიღბიანმა პირებმა ღამით დაანგრიეს შენობები ქალაქის სავამალას რაიონში. „ბელგრადის სანაპიროს“ პროექტის წინააღმდეგ შეიქმნა სამოქალაქო მოძრაობა „არ დავახრჩოთ ბელგრადი“ და ქალაქში პროექტის საწინააღმდეგო დიდ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა.
მიუხედავად ამისა, Eagle Hills-ის პროექტებიდან ბელგრადი ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა, რადგან იქ უკვე შეძლო გარკვეული შენობების აშენება.
ამ ეტაპისთვის Belgrade Waterfront პროექტი მოიცავს უკვე დასრულებულ 14 შენობას, 168 მეტრის სიმაღლის Kula Beograd-ის ცათამბჯენს, ასევე 1.8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბულვარს და 2.7 ჰექტარი ფართობის პარკს. შეთანხმების მიხედვით, პროექტის ნახევარი 20 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
მონტენეგრო
Eagle Hills-მა უკმაყოფილება გამოიწვია მონტენეგროშიც „დიდი პლაჟის“ (Velika Plaža) პროექტის განხორციელებისას. მონტენეგროს მთავრობასა და Eagle Hills-ს შორის ხელშეკრულება თავდაპირველად 2017 წელს გაფორმდა. თუმცა ადგილობრივები მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ ინვესტორისთვის სანაპიროს 90-წლიანი იჯარით გადაცემას. პროექტმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია “გაუმჭვირვალე პროცედურების” გამოც. გავლენიანმა ანალიტიკურმა ცენტრმა MANS-მა განაცხადა, რომ „სახელმწიფო მიწა იყიდება ან იჯარით გაიცემა პირდაპირი შეთანხმებებით დახურულ კარს მიღმა, რაც კორუფციისთვის უზარმაზარ სივრცეს ქმნის“.
საბოლოოდ, ძლიერი საზოგადოებრივი და ადგილობრივი პროტესტის შემდეგ, კომპანიამ უარი თქვა მონტენეგროში თავდაპირველ პროექტზე. მათ ადგილობრივ მეწარმეებს დაუბრუნეს ის პლაჟები, რომლებიც ტენდერში მოიგეს. 2021 წელს მონტენეგროს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება Eagle Hills-თან იმ მოტივით, რომ კომპანიამ ვერ შეძლო დაპირებული ინვესტიციების განხორციელება და პროექტის დაწყება. შეწყვეტილი კონტრაქტის შემდეგ აღნიშნული ტერიტორიის განვითარების უფლება გადაეცა სხვა საერთაშორისო დეველოპერს. ამის შემდეგ Eagle Hills-მა მონტენეგროში ფოკუსი შეცვალა და 2025 წლის ოქტომბერში ახალი მასშტაბური პროექტი წარადგინა ეკოტურიზმის მიმართულებით – Eagle Hills Ecovillage Shas.
ალბანეთი
2022 წელს Eagle Hills-მა მემორანდუმი გააფორმა ალბანეთში პროექტ Durres Yachts and Marina-ს განსახორციელებლად. პროექტი ქალაქ დურესში ალბანეთის უდიდესი პორტის ტრანსფორმაციას გულისხმობს და 80.9 ჰექტარ ფართობზე საცხოვრებელი სივრცეებისა და სერვისების მშენებლობას ითვალისწინებს.
ადგილობრივი საინფორმაციო წყარო Exit-ის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. Eagle Hills აქციების 67%-ს ფლობს, ხოლო ალბანური მხარე – 33%-ს. პროექტს 20 წლის ვადით სტრატეგიული ინვესტიციის სტატუსი მიენიჭა. ალბანურმა მხარემ პროექტში წვლილი მიწის ნაკვეთით შეიტანა, სადაც Durrës Marina-ს საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. ჯამში, გათვალისწინებულია თითქმის 13 ათასი ბინის აშენება (4 ათასი პირველ ფაზაში და დაახლოებით 8,600 მეორე ფაზაში).
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწის უზრუნველყოფის გარდა, ალბანეთის მთავრობა კომპანიას გაათავისუფლებს ინფრასტრუქტურის ზემოქმედების გადასახადისა და სოციალური საცხოვრებლის ფონდში შენატანის ვალდებულებისგან.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, პროექტის მხოლოდ მცირე ნაწილი დაფინანსდება მთავარი ინვესტორის, მოჰამედ ალაბარის, კაპიტალით. მათივე ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსის უმეტესი ნაწილი ბინების მშენებლობამდე გაყიდვიდან მიღებული თანხით დაფინანსდება და ასევე იქნება, სავარაუდოდ, სხვა წყაროები, როგორიცაა საბანკო დაფინანსება.
როგორც მედია წერს, შეთანხმების მიხედვით, არსებული პორტის ინფრასტრუქტურა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება, ხოლო ტურისტული ნაწილის მოვლა-პატრონობა, ახალი ინვესტიციები, ხარჯები და სერვისები Eagle Hills-ის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება.
ალბანური მედიის, Hashtag-ის ინფორმაციით, ბინების გაყიდვა 2022 წლის ბოლოს გამოცხადდა და მას შემდეგ კომპანიამ რამდენჯერმე დაიწყო სხვადასხვა კორპუსის გაყიდვის პროცესი, რა დროსაც ფასი მუდმივად იზრდებოდა და 3000 ევრო/მ2-ს გადააჭარბა, მაშინ როდესაც გაყიდვები თავდაპირველად 1500-1600 ევროდან დაიწყო.
მათივე ცნობით, ამჟამად პროექტის პირველ სამი კორპუსი მშენებლობის პროცესშია.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ინვესტიცია საგადასახადო შეღავათებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის გადასახადის შეღავათებით სარგებლობს, ასევე უსასყიდლოდ მიიღო დიდი ფართობის მიწის ნაკვეთი განვითარებისთვის, ინვესტორმა საქმიანობის პირველ ორ წელიწადში თანხები მხოლოდ მშენებარე ბინების რეალიზაციით მოიზიდა.
კომპანია თავს ინვესტორად წარმოადგენდა, თუმცა ირკვევა, რომ თანხებს აგროვებს მომხმარებლების წინასწარი გადახდებიდან, რაც, ანგარიშის თანახმად, „დაფინანსების მნიშვნელოვანი კომპონენტია“. „ზოგადად, კომპანია მომხმარებლებისგან გრძელვადიან წინასწარ გადახდებს იღებს. კომპანიის დასკვნით, ამ კონტრაქტებში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი დაფინანსების კომპონენტი“, – წერს ადგილობრივი მედია.
უნგრეთი
2025 წლის დასაწყისში Eagle Hills-მა ხელი მოაწერა 12 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტს, რათა უნგრეთის დედაქალაქის, ბუდაპეშტის მახლობლად მიტოვებულ სარკინიგზო ტერიტორიაზე პროექტი Grand Budapest განეხორციელებინა. პროექტი, რომელსაც „მინიდუბაიდ“ მოიხსენიებდნენ, მოიცავდა ცათამბჯენებს, რომელიც ადგილობრივი სამშენებლო კოდექსებისგან თავისუფლდებოდა. Eagle Hills-ის პროექტს მხარს უჭერდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
თუმცა ამ გარიგებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ბუდაპეშტის ოპოზიციონერი მერის, გერგეი კარაჩონის და ურბანული დამგეგმარებლებისგან, რომლებმაც Eagle Hills-სთან გაფორმებული შეთანხმება „სკანდალურად და საეჭვოდ კულუარულად“ შეაფასეს. მათ Eagle Hills-ის პროექტის ადგილობრივი სამშენებლო კოდექსებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება დაგმეს და ამას ქალაქის რეგულაციების ძირის გამოთხრა უწოდეს.
ბუდაპეშტის მერი ვიქტორ ორბანის მთავრობას მოუწოდებდა, რომ ძვირადღირებული უძრავი ქონების პროექტების ნაცვლად უპირატესობა ხელმისაწვდომი საცხოვრებლისთვის მიენიჭებინა.
შედეგად, დედაქალაქმა, რომელსაც ამ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი, მწვანე საცხოვრებელი ზონის შექმნა სურს, ტერიტორიის შესყიდვის უპირატესი უფლება გამოიყენა. საბოლოოდ, იურიდიული და პოლიტიკური წინააღმდეგობის შემდეგ, ბუდაპეშტში Eagle Hills-ის პროექტი Grand Budapest ჩაიშალა.
ლატვია
2024 წელს Eagle Hills-მა ლატვიაში, დედაქალის საკრებულოსთან მემორანდუმი გააფორმა რიგის სანაპიროს (Riga Waterfront) პროექტის განსახორციელებლად. ინვესტიცია 3 მილიარდ ევროს აღემატება. პროექტის მიხედვით, მდინარე დაუგავას სანაპიროზე, ყოფილი ინდუსტრიული პორტის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრი უნდა მოეწყოს. კომპანია მრავალფუნქციური სივრცის მოწყობას 57 ჰექტარზე გეგმავს. პროექტის შედეგად რიგას 6,500-ზე მეტი ბინა უნდა შეემატოს. დაგეგმილი პროექტები მომდევნო 10–15 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. პროექტზე მუშაობა მრავალ ფაზად წარიმართება, რომელთაგან პირველი უკვე დაიწყო.
მემორანდუმის გაფორმებიდან ცოტა ხანში პროექტმა რიგის მუნიციპალიტეტის შეშფოთება გამოიწვია დეველოპერის ქმედებებისა და პროექტის მასშტაბის გამო.
რიგის მერიამ განაცხადა, რომ Eagle Hills-ის მიერ წარმოდგენილი ხედვა არ ემთხვეოდა თანამშრომლობის მემორანდუმში თავდაპირველად შეთანხმებულ კონცეფციას და არც ქალაქის მოქმედ სივრცით გეგმას. შეშფოთება ეხებოდა ძალიან მჭიდრო განაშენიანებას და შენობების შემოთავაზებულ სიმაღლეს, რაც, მათი აზრით, დაუშვებელი იყო ან არ შეესაბამებოდა დაგეგმარების დოკუმენტებს.
Eagle Hills ასევე გააკრიტიკეს “თვითნებური ქმედებებისთვის”, როგორიცაა ცალმხრივი საჯარო კამპანიის დაწყება და რეკლამის განთავსება სათანადო ნებართვების გარეშე.
„რიგის მუნიციპალიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დათანხმდა თანამშრომლობის მემორანდუმს Eagle Hills-თან იმ კეთილსინდისიერი ვარაუდით, რომ დეველოპერი დაიცავდა მემორანდუმის პირობებს, ასევე აფასებდა ინვესტორის განზრახვას, განევითარებინა ტერიტორია. მაგრამ ამჟამად დეველოპერის საქმიანობა აჩვენებს თვითნებურ ქცევას, რაც მიუღებელია ქალაქისთვის”, – აცხადებდა რიგის საკრებულო 2024 წლის ივნისში.
მიუხედავად იმისა, რომ გამოთქმული შეშფოთებების გამო რიგის მუნიციპალიტეტმა Eagle Hills-თან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის გაუქმებაც არ გამორიცხა, ამ ეტაპზე პროექტი კვლავ მიმდინარეობს.
ხორვატია
Eagle Hills-მა ვერ შეძლო თავისი ხედვის დასრულება ზაგრებში, სადაც ახალმა მერმა შეაჩერა მისი წინამორბედის ამბიციური პროექტი „ზაგრების მანჰეტენი“, რომელიც მიზნად ისახავდა ხორვატიის დედაქალაქისთვის, მდინარე სავას ნაპირებზე, მანჰეტენის სტილის ცათამბჯენების ხაზის შექმნას.
კერძოდ, 2019 წელს ზაგრების მერიამ, მაშინდელი მერის, მილან ბანდიჩის ხელმძღვანელობით, Eagle Hills-თან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც პროექტი „ქალაქი ქალაქში“ ზაგრებში, დაახლოებით 1.1 მილიონი კვადრატულ მეტრ მიწაზე უნდა განხორციელებულიყო. პროექტის მიზანი იყო საკუთარი ინფრასტრუქტურით გამართული „მინიქალაქის“ შექმნა. ზაგრების მაშინდელი მერი და პროექტის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ეს დედაქალაქს ახალ საჯარო სივრცეებს და ეკონომიკურ ზრდას მოუტანდა.
თუმცა პროექტი არქიტექტორებმა და ურბანისტებმა მკაცრად გააკრიტიკეს იმ მიზეზით, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდა ქალაქის გენერალურ გეგმასთან და არღვევდა ქალაქის ურბანულ განვითარებას. პროექტს აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ არ არსებობდა გამჭვირვალე და სრულყოფილი საჯარო კონსულტაცია, მოსახლეობა პროექტში საერთოდ არ იყო ჩართული და საზოგადოებრივი ინტერესი სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული.
გარდა ამისა, არსებობდა ეჭვები კორუფციის შესახებაც, ვინაიდან მაშინდელი მერი მილან ბანდიჩი მანამდე კორუფციის გამო ნასამართლევი იყო.
მას შემდეგ, რაც ზაგრების მერი ტომისლავ ტომაშევიჩი გახდა, 2023 წელს ზაგრების საკრებულომ ქალაქის გენერალურ ურბანულ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და ქალაქის მმართველებმა განაცხადეს, რომ „ზაგრების მანჰეტენის პროექტის“ განხორციელება შეუძლებელი იყო.
„მილიარდერების სათამაშო მოედანი, სადაც აპარტამენტებს მილიონერებისთვის აშენებენ“, – ასე მოიხსენია ტომისლავ ტომაშევიჩმა „ზაგრების მანჰეტენის პროექტი“.
მეტიც, ზაგრების მერი Eagle Hills-ს პროექტის წინააღმდეგ ბუდაპეშტელ კოლეგასაც უჭერდა მხარს.
„ჩვენც იგივე ბრძოლა გვქონდა, რაც თქვენ ბუდაპეშტში და ჩვენ გავიმარჯვეთ, ასე რომ, თქვენც შეგიძლიათ ეს გააკეთოთ“, – განაცხადა ზაგრების მერმა ბუდაპეშტში Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიისას.
რაც შეეხება Eagle Hills-ის სხვა პროექტებს ხორვატიაში, „ზაგრების მანჰეტენის“ გეგმის შეწყვეტის მიუხედავად, ის კვლავ აქტიურია ქვეყნის უძრავ ქონებასა და სასტუმრო ბიზნესში. Eagle Hills-მა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ხორვატიის ტურიზმის სექტორში, ისაა 70%-იანი წილის მფლობელი Sunce Hoteli-ში, რომელიც მართავს 11 სასტუმროს ადრიატიკის სანაპიროზე Bluesun ბრენდის ქვეშ. კომპანიამ ასევე მიაღწია შეთანხმებას Sunčani Hvar-ის კიდევ ერთ მსხვილი სასტუმრო კომპანიასთან.
Eagle Hills საქართველოში
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, Eagle Hills-მა თბილისსა და აჭარაში, ჯამში, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განახორციელოს, რაც ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას მოიცავს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფორმებული შეთანხმებით, სახელმწიფო იქნება Eagle Hills-ის ქართული შვილობილის 33%-ის მფლობელი. მათივე განცხადებით, „სახელმწიფო პროექტში შედის უძრავი ქონებით გონიოში არსებული 260 ჰექტრით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტრით, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი“.
Eagle Hills-ის პროექტის სახელწოდება თბილისში Tbilisi Waterfront იქნება. ის რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს სოფელ აღთაკლიასა და ფონიჭალაში. ტერიტორია მოიცავს კრწანისის ტყე-პარკის მიწასაც. Eagle Hills აქ საცხოვრებელი კომპლექსების, კომერციული სივრცეების, სასტუმროების და რეკრეაციული ზონების მოწყობას გეგმავს.

ფოტო: Tbilisi Waterfront-ს რენდერი
რაც შეეხება გონიოს, Eagle Hills-ის პროექტი ჭოროხის შესართავთან, გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე მოეწყობა. კომპანია გონიოში ხელოვნური ყურის შექმნას გეგმავს, სადაც გონიო იახტკლუბი და ნავსადგური აშენდება.

ფოტო: Eagle Hills-ის გონიოს პროექტის რენდერი






