„აქ თუ გაივლით, ნახავთ ერთ-ერთ ფოტოს, რომელზეც დემონსტრაციაში მონაწილე ახალგაზრდას უჭირავს პლაკატი, წარწერით „არასწორ თაობას შეეჭიდეთ“. ვფიქრობ, უნდა ეწეროს: „არასწორ ქვეყანას შეეჭიდეთ“. მე არ ვკარგავ იმედს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება და დარჩება დემოკრატიად“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში (EEAS), სადაც გაიხსნა დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“.
EEAS-ის ფოიეში გამოიფინა 2015-დან 2025 წლამდე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზით დაჯილდოებული ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები. გამოფენის ცენტრალურ ნაწილს იკავებს სახაროვის პრემიის ლაურეატის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის ფოტო სასამართლო დარბაზიდან.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“, — თქვა ევროკავშირის ელჩმა ფოტოგამოფენის გახსნაზე.
მისი თქმით, ევროკავშირმა არჩევანი გააკეთა, როდესაც 2023 წელს საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი.
„ეს მართლაც დიდი სიამაყისა და სიხარულის მომენტი იყო. მას შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული მოდელი – ავტორიტარიზმის მოდელი – და საქართველოს ევროკავშირს აშორებს. მაგრამ ვისაც ამ ფოტოებზე ხედავთ, ქართველი ხალხია – ხალხი, რომელიც ნამდვილი ევროპელია და რომლის კანონიერი ადგილიც ევროპაშია“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება.
„ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედს“. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ევროკავშირი მზადაა მხარდაჭერისთვის. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, — აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
მან თქვა, რომ ევროკავშირის დახმარებას მედიისადმი შესაძლოა გამოაკლდეს ფინანსური პრიზის გაცემა, რადგან საქართველოში ახლახან მიღებული კანონმდებლობა გარედან ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის მიღებას კრიმინალად აცხადებს.
„მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რათა კვლავაც მხარი დავუჭიროთ საქართველოს შესანიშნავ, საოცარ, თბილ, სტუმართმოყვარე ხალხს“ ,— დასძინა მან.

გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მედიის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ ისაუბრა ჟურნალისტმა გურამ როგავამ. მან გაიხსენა, როგორ დაესხა თავს სპეცრაზმელი პირდაპირი ეთერში და ეს ფაქტი დღესაც გამოუძიებელია.
„საქართველოში ჟურნალისტიკა სულ უფრო დიდ რისკთან ასოცირდება. ამ გამოფენის ერთ-ერთ ფოტოზე ჩემი კოლეგა, მზია ამაღლობელი სასამართლო დარბაზშია აღბეჭდილი. ეს არ არის მხოლოდ გამოსახულება. ეს არის გაფრთხილება. გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საფრთხედ აღიქმება. მზია მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის. ის რაღაც გაცილებით დიდს განასახიერებს. ფოტოები, რომლებსაც აქ ხედავთ, არ არის მხოლოდ სურათები. ეს არის მტკიცებულებები. თითოეული კადრი სვამს კითხვას: როგორი ქვეყანა გვინდა ვიყოთ?
საქართველო დღეს კრიტიკულ მომენტშია. შიშსა და თავისუფლებას შორის. იზოლაციასა და ევროინტეგრაციას შორის. დუმილსა და თვითგამოხატვას შორის. და ამ სივრცეში დამოუკიდებელი მედია გადამწყვეტ როლს ასრულებს არა როგორც გარეშე დამკვირვებელი, არამედ როგორც დემოკრატიული ცხოვრების შენების მონაწილე. მე დღეს აქ ვდგავარ არა მხოლოდ ჩემი გამოცდილების გასაზიარებლად, არამედ იმისთვის, რომ გთხოვოთ ერთი მარტივი რამ: ყურადღება“, — განაცხადა როგავამ.
