პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმარება ბოლო დღეებში მიმდინარე დისკუსიას არჩევნებთან დაკავშირებით.
უნგრეთში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ “ქართული ოცნების” მოკავშირე ვიქტორ ორბანის დამარცხების გამო საზოგადოების ნაწილმა დაიწყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ხერხდება საქართველოში იგივე. ზოგი ამას ოპოზიციურ პარტიებს აბრალებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ საქართველოში არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა დროის ფუჭი კარგვაა.
სწორედ ამ დისკუსიას ეხმაურება ხოშტარია წერილით, რომელიც რუსთავის ქალთა ციხიდან გამოაგზავნა.
“არავინ მიწყინოს, მაგრამ ცოტა ღიმილის მომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე წარმოქმნილი “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როდესაც ოცნება პარალელურად სასურველი ოპოზიციის სიას არჩევს და პარტიების აკრძალვა კი არა, ტროტუარზე დგომა აქვს აკრძალული. არჩევნები რომ აუცილებელია, ამაზე ვინ ვისთან კამათობს ცოტა გაუგებარია, ამას ვინ უარყოფს მართლა ვერ გავიგე.
ამ პირობებში, როდესაც ადამიანის ნებას მანიპულაციური ერთეული ანაცვლებს, ურთიერთობის ფორმა მხოლოდ ძალადობა და უწესობაა, არითმეტიკაც კი ისვენებს და მსოფლიოში არავინ ეძახის არჩევენებს, აი ამ ხდომილობას არჩევნები დავარქვათ და ამით გავამართლოთ ჩვენი პოლიტიკური არსებობა, ეს ხომ იმაზე უფრო დიდი ტყუილია, ვიდრე ოცნება გვთავაზობს. ტყუილით როგორ უნდა დავამარცხოთ რაიმე – ჩვენი თავის გარდა?! ჩვენ გვჭირდება არა ტყუილი ხდომილობა, არამედ მართალი, ნამდვილი არჩევნები.
არჩევნები ბევრად უფრო სასტიკ რეჟიმებში მიღწეულა, მათ შორის საქართველოშიც და მიიღწევა იმ გზით, რომელზეც ვდგავართ – არაღიარების გაგრძელება, წინააღმდეგობის გაძლიერება და საერთაშორისო ზეწოლა. აქამდე, ამ სამმა, რეჟიმს არ მისცა საშუალება, დავემარცხებინეთ, ჩააგდო იზოლაციაში, აიძულა შიდა დაპირისპირება, შეუზღუდა რესურსები, დააშვებინა ბევრი შეცდომა.
თუ ვინმეს გამძლეობა არ ყოფნის, ადამიანურად მესმის, პოლიტიკურად კი ვერ მივიღებ. უნგრეთის მაგალითი ოცნებაზე შეტევის ძალას უნდა გვმატებდეს და არა მორიგ საუკეთესო “სისხლისღვრას” ჩვენივე ფლანგზე”, – წერს ხოშტარია.
ამ საკითხს გამოეხმაურა კიდევ ერთი პატიმარი პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი. მან ორბანის დამარცხებასა და ამის შემდგომ, საქართველოში მიმდინარე დისკუსიაზე საკუთარ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
“ორბანმა წააგო და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის რაღაც ნაწილი დეპრესიაში აქეთ ჩავარდა. ასეთი რაღაცები რატომ გვემართება, არ ვიცი. ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე — უტუხი, უტუხიო. ესე იგი, [არჩევნებიდან] მეორე დღეს უტუხებმა [გულისხმობს “ქართულ ოცნებას”] თქვეს, რომ მადიარისკენ ვიყავითო. ჩვენ რა გვჭირს? როცა ჩვენ ვიმარჯვებთ, იმის მაგივრად, რომ ვთქვათ, ბიძინას მოკეთე დამარცხდაო, მერე ისევ დეპრესიაში ვვარდებით.
[…] 2014-დან ყველა არჩევნებში ვმონაწილეობდი, 2016-ში კანდიდატი ვიყავი, 2017-ში კანდიდატი ვიყავი, 2020-შიც, 2024-შიც. ოღონდ, როგორი არჩევნები იქნება, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს და ეს არის სადისკუსიო, გაგიჟებულხართ, ხალხო. არჩევნები, რა თქმა უნდა, გვინდა, ოღონდ რეალური არჩევნები გვინდა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია უკვე 7 თვეა დაკავებულია. დაახლოებით 3 კვირის წინ, 24 მარტს მოსამართლე გიორგი არევაძემ მას 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა ხოშტარიას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი). საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას — „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
ელენე ხოშტარიამ ბანერზე წარწერა მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად გააკეთა. 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ამავე თემაზე:
