ახალი ამბები

148-ე და 149-ე სკოლებში დირექტორების გათავისუფლების საკითხს განიხილავენ

25 ნოემბერი, 2010 • • 2322
148-ე და 149-ე სკოლებში დირექტორების გათავისუფლების საკითხს განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 148-ე და 149-ე საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს ამ სკოლების დირექტორების გათავისუფლების საკითხის განხილვა დაავალა.

148-ე საჯარო სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე  ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სკოლამ სამინისტროსგან  წერილობითი საყვედური მიიღო, ,,სამეურვეო საბჭომ კი – წერილი, რომელშიც განათლების სამინისტრო სთხოვს სამეურვეო საბჭოს, განიხილოს ჩემი განთავისუფლების საკითხი’’, – ამბობს გიორგაძე.  

ვალერიან გიორგაძის თქმით, ამჟამად იგი გენინსპექციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე დასკვნას  ეცნობა, მისი თქმით, ხვალამდე ყველა შენიშვნას პუნქტობრივად განიხილავს.

ვალერიან გიორგაძე ამბობს, რომ იგივე მოთხოვნით წერილი 149-ე საჯაროს სკოლის სამეურვეო საბჭოსაც მიუვიდა. სამინისტრო საბჭოს სთხოვს, რომ დირექტორის გათავისუფლების საკითხი განიხილოს. 149-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე ვალერიან გიორგაძის მეუღლეა.

რა დარღვევებზეა საუბარი გენერალური ინსპექციის დასკვნაში, ამის შესახებ ვალერიან გიორგაძე დღესდღეობით არ საუბრობს. ამბობს, რომ ინფორმაციის მოწოდებას დოკუმენტის სრული შესწავლის შემდეგ შეძლებს.

148-ე და 149-ე საჯარო სკოლებში განათლების სამინისტრომ მუშაობა 19 ნოემბერს დაასრულა.  გენინსპექცია სკოლებში მას შემდეგ შევიდა, რაც მაია გიორგაძემ განათლების სამინისტროში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა.

როგორც 148-ე და 149-ე საჯარო სკოლების დირექტორებმა განაცხადეს, თანამდებობის დატოვებას მაია გიორგაძეს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი თხოვდა და ეუბნებოდა, რომ განცხადებაზე ხელის არმოწერის შემთხვევაში, მისი და მისი მეუღლის სკოლებში გენინსპექცია შევიდოდა.  

მაია გიროგაძე ერთადერთია იმ 8 დირექტორს შორის, ვინც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა.

8 საჯარო სკოლის დირექტორი, საატესტაციო გამოცდების მოხსნის მოთხოვნით, მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ გაათავისუფლეს.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი