ახალი ამბები

სახალხო კრებაზე მიხეილ სააკაშვილიც მიიწვიეს

24 ნოემბერი, 2010 • • 972
სახალხო კრებაზე მიხეილ სააკაშვილიც მიიწვიეს

წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე, რომელიც ხვალ პარლამეტის წინ 15.00 საათზე გაიმართება, კრების წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვიეს.

ამას გარდა, სახალხო კრება ღია იქნება ყველასთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და საზოგადოების თითოეული წევრისთვის.

პარლამენტის წინ ხვალ სახალხო კრება შედგება და არა საპროტესტო აქცია, განმარტავენ წარმომადგენლობით სახალხო კრებაში.

რა იქნება განსხვავებული ხვალინდელ შეკრებაზე?

სახალხო კრების წარმომადგენელი, იურისტი ეკა ბესელია განმარტავს, რომ სახალხო კრება ხვალ ჩატარდება კრებისთვის დამახასითებელი ყველა ატრიბუტით. კრებას ეყოლება ხმის დამთვლელი კომისია, სამანდატო კომისია, საორგანიზაციო ჯგუფი, მდივანი, თავმჯდომარე და ა.შ. მათ ყველას კრება აირჩევს.

,,კრების წინ დარიგდება დღის წესრიგი, პირველი ფორმალური პროცედურა იქნება კომისიების, თავმჯდომარის,  მდივნის არჩევნები. ამის შემდეგ იქნება კონკრეტული ბრალდებები, წუხილები, რაც აწუხებს ხალხს. ასევე, ხვალ ხალხი საკონსტიტუციო ცვლილებებსაც განიხილავს, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო და კენჭისყრაზე დადგება უნდობლობის ვერდიქტის პროექტი’’, – განმარტავს ეკა ბესელია.

უნდობლობის ვერდიქტის პროექტი წარმომადგელობითმა სახლხო კრებამ შეიმუშავა. მათი თქმით, აქ თავმოყრილია ის საფუძვლები, რომელთა გამოც ხალხს აქვს პრეტენზია ხელისუფლების მიმართ.

თუ შეკრებილი ხალხი უნდობლობის ვერდიქტის პროექტს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებს, მაშინ კრება შეიმუშავებს უკვე მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კრება ამ გადაწყვეტილების შესრულებას აპირებს.

კრების ორგანიზატორებმა დაზუსტებით იციან, რომ პარლამენტის წინ ხვალ, 15 ათასზე, მეტი დელეგატი მოვა, რომლებიც 850 ათასზე მეტ ადამიანს წარმოადგენენ. დელეგატები რაიონებიდან ხვალ ჩამოვლენ.

,,ეს რაოდენობა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს ხალხის სახელით მიღებული. 800 ათასი ადამიანი ამომრჩეველთა რიცხვის მესამედს წარმოადგენს’’, – ამბობს ბესელია.   

გარდა დელეგატებისა, ხვალ სახალხო კრებაზე საზოგადოების იმ ნაწილის მოსვლასაც ელიან, ვინც დელეგატი არ არის და კრებაზე დასწრების სურვილი აქვს.

,,ეს არ იქნება მიტინგი, ეს იქნება კრება, სადაც ხალხი კენჭისყრით მიიღებს გადაწყვეტილებებს, ნახავთ, როგორი მოწესრიგებული და ორგანიზებული იქნება ხვალ სახალხო კრება’’, – განაცხადეს ჟურნალისტებთან  სახალხო კრების ორგანიზატორებმა.

წარმომადგენლობით სახალხო კრებაში, ძირითადად, გაერთიანებული არიან: საზოგადოების წამომადგენლები, რეჟისორები, მსახიობები, სპორტსმენები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი