საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ გამოათავისუფლებს 400 მილიონი ბარელ ნავთობს საერთაშორისო ბაზარზე იმ მიწოდების კრიზისის დასაკომპენსირებლად, რაც ჰორმუზის სრუტის „ფაქტობრივი დახურვის“ გამო შეიქმნა.

გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სააგენტოს 32-მა წევრმა ქვეყანამ, რომელთა შორის არიან აშშ და დიდი ბრიტანეთი.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ განაცხადა, რომ ეს არის საგანგებო ნავთობის მარაგების ყველაზე მასშტაბური გამოთავისუფლება ისტორიაში.

„ნავთობის ბაზარზე არსებული გამოწვევები მასშტაბით უპრეცედენტოა, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ IEA-ის წევრმა ქვეყნებმა უპასუხეს უპრეცედენტო ზომის ერთობლივი საგანგებო მოქმედებით“, — განაცხადა IEA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფათიჰ ბიროლმა.

ეს მეექვსე შემთხვევაა, როდესაც სააგენტომ კოორდინირებული გადაწყვეტილებით ნავთობის მარაგები გამოუშვა. მსგავსი ნაბიჯი ადრე გადადგა 1991, 2005, 2011 წლებში და ორჯერ — 2022 წელს.

BBC-ის თანახმად, 400 მილიონი ბარელი ნავთობი დაახლოებით იმ რაოდენობას უდრის, რასაც მსოფლიო ოთხი დღის განმავლობაში მოიხმარს, ან იმ მოცულობას, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ჰორმუზის სრუტეში დაახლოებით 20 დღის განმავლობაში გადის.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მის წევრ ქვეყნებს აქვთ 1.2 მილიარდ ბარელზე მეტი საგანგებო მარაგი, ხოლო დამატებით 600 მილიონი ბარელი ინდუსტრიული მარაგი მთავრობის ვალდებულებების საფუძველზე.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამი კომერციული გემი დაზიანდა „უცნობი ჭურვებით“ ჰორმუზის სრუტეში — არხში, რომელიც გლობალური გადაზიდვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მანამდე აშშ-მა განაცხადა, რომ რეგიონში 16 ირანული ნაღმდამგები გემი გაანადგურეს.