ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ „კაბელების საქმეზე“ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

12 თებერვალი, 2025 •
სტრასბურგის სასამართლომ „კაბელების საქმეზე“ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე საიას მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.

„მომჩივნების მიმართ ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ დაირღვა მათი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება არ იყო ინდივიდუალიზებული და გაუგებარი იყო, თუ რაში გამოიხატა თითოეული მომჩივნის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებები კანონის დარღვევით იყო მოპოვებული. საჩივარში დასაბუთებული იყო, რომ პროკურატურის მოთხოვნის მათდამი წაყენებული ბრალის შეცვლამ გამოიწვია მათ მიერ ახალი ბრალდებისთვის სათანადო დაცვითი სტრატეგიის მომზადების შეუძლებლობა. ამასთან, მათ ვერ შეძლეს წარედგინათ სათანადო მტკიცებულებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ბრალდების შესახებ და, შესაბამისად, ის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სისხლის სამართლის პროცესში“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.

განსახილველ საქმეში მომჩივნები ბრალდებულად იყვნენ ცნობილი გაფლანგვისთვის. საია ხაზს უსვამს, რომ გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარმოადგენს განსხვავებულ დანაშაულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისას, დანაშაულის შემადგენელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს განზრახვა „თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად“, მაშინ, როდესაც აღნიშნული არ წარმოადგენს გაფლანგვის დანაშაულის თანმდევ შემადგენელ ელემენტს.

„სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მომჩივნებმა თავი დაიცვეს გაფლანგვის ბრალდების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოდ ცნო, რამდენადაც დანაშაულის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი — ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ყოფილიყო — არ იყო სახეზე. ახალი განაჩენის გამოტანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გააფრთხილა მომჩივნები, რომ მათი ბრალდება შესაძლოა გადაკვალიფიცირებულიყო. მომჩივნებმა მხოლოდ მაშინ შეიტყვეს ფაქტების სამართლებრივი შეფასების შესახებ, როცა ჩაბარდათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს გარემოებებში, მაშინ როცა ევროპული სასამართლო უშვებს დანაშაულის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობას, დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს დაცვის განხორციელების პრაქტიკული, დროული და ეფექტიანი შესაძლებლობა“, — აღნიშნავს საია.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მომჩივნების უფლება, იყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი მათი ბრალდების ბუნებისა და საფუძვლების შესახებ და ჰქონდეთ ადეკვატური დრო და შესაბამისი პირობები დაცვის უფლების განხორციელებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი