რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის.
ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომელთაც შესაბამის წყაროებზე მიუწვდებათ ხელი და მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.
„ესაა პირველი ინდიკატორი, რომ ომში შესაძლოა ირიბად, მაგრამ ჩართულია აშშ-ის კიდევ ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, ბირთვული იარაღის მქონე და დახვეწილი სადაზვერვო შესაძლებლობებით“, — წერს The Washington Post.
ერთ-ერთი პირის თანახმად, რომელიც ამერიკულ გავლენიან გამოცემას ესაუბრა, რუსეთის მიერ ირანისთვის გადაცემული ცნობები მოიცავს ინფორმაციას ამერიკის საომარ საშუალებებზე, მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ხომალდების ადგილმდებარეობაზე. ჯერჯერობით არაა ცხადი, რამდენად მასშტაბურია რუსეთის მხრიდან ირანისთვის გაწეული დახმარება, თუმცა წყარომ რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობას „საკმაოდ მრავლისმომცველი“ უწოდა.
The Washington Post წერს, რომ ირანის შესაძლებლობები, დამოუკიდებლად მოიპოვოს სადაზვერვო ინფორმაცია, მნიშვნელოვნად შემცირებულია ომის პირველი დღეებში მასზე მიყენებული დარტყმების შედეგად. თუმცა რუსეთის შესაძლებლობები ამ მხრივ, ფაქტობრივად, განუსაზღვრელია.
კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის წარმომადგენელი დარა მასიკოტი, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ექსპერტია, აღნიშნავს, რომ ირანი „ძალიან ზუსტ, მიზანმიმართულ დარტყმებს ახორციელებს“ რადარებზე და ცდილობს დააზიანოს სამეთაურო ცენტრები და კონტროლის სისტემები.
ჰარვარდში კენედის სკოლის წარმომადგენელი ნიკოლ გრაევსკი, რომელიც რუსეთთან ირანის თანამშრომლობას შეისწავლის, თავის მხრივ აღნიშნავს, რომ ირანის მხრიდან განხორციელებული საპასუხო დარტყმები ძალიან დახვეწილია. ასევე, რიგ შემთხვევებში, ხელიდან უსხლტება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების თავდაცვის სისტემებს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებს. ამერიკული გამოცემის წყაროები კი რუსეთის მოტივებს უკავშირებენ უკრაინაში მიმდინარე ომს და ამერიკელების დახმარებას უკრაინელებისადმი, რაც ასევე გამოიხატება სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაში რუსულ ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად. „რუსებმა ძალიან კარგად იციან იმ დახმარების შესახებ, რასაც ჩვენ უკრაინელებს ვუწევთ. ვფიქრობ, რომ დიდი სიხარულით ეცდებოდნენ ოდნავ მაინც გადაგვიხადონ სამაგიერო“, — ეუბნება The Washington Post-ს მისი ერთ-ერთი წყარო.
ორმა წყარომ The Washington Post-ს უთხრა, რომ არ იკვეთება ჩინეთის მხრიდან დახმარების კვალი ირანისადმი, მიუხედავად ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირებისა.
28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.
ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია სამხედრო ბაზები, რომელთაც აშშ იყენებს. იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადგურზე. ირანიდან ნასროლმა ბალისტიკურმა რაკეტამ დაარღვია ასევე თურქეთის საჰაერო სივრცე. რაკეტა ნატოს სისტემებმა ჩამოაგდეს და თუმცა ირანი უარყოფს, რომ მისი სამიზნე თურქეთი იყო, უცნობი რჩება, საით იყო მიმართული იყო რაკეტა. 5 მარტს ირანული დრონების სამიზნე გახდა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტი.
