პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
პირველი კოლეგიის შემადგენლობა იყო: ვასილ როინიშვილი (სხდომის თავმჯდომარე); ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; გოგა კიკილაშვილი.
პირველმა კოლეგია მიიჩნია, რომ „წინამდებარე საქმე საკუთარი სპეციფიკით, განსახილველ/გადასაწყვეტ საკითხთა სიმრავლითა და კომპლექსურობით, მიზანშეწონილია, განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს“.
საკონსტიტუციო სარჩელში „ოცნება“ ამტკიცებს, რომ ასაკრძალი პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებს და „გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“.
„ოცნება“ შედეგი პარტიების აკრძალვას ითხოვს:
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“,
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“,
- „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის,
- თავისუფლებისთვის!“,
- „ფედერალისტური პარტია“,
- „გახარია საქართველოსთვის“.
საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
კერძოდ:
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).
