სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბერს მიიღო.
უწყება ამბობს, რომ EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება დაეფუძნა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) შეფასების შედეგებს.
„შეფასების ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე, EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015)“, – ამბობს სამინისტრო.
