ნარკოდანაშაულის ბრალდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს.

დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.

ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურაში დაუდასტურეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს:

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალები უკანონო შეძენა ან/და შენახვა); 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია),  260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ან/და შენახვა) და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა ან/და შენახვა).

ნოდარ ჩაჩუასთვის წარდგენილი ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ნოდარ ჩაჩუა ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო. მან ტელევიზია 2024 წლის ნოემბერში დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან  წამოსვლის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ  მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მისი და არხის მენეჯმენტის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

ნოდარ ჩაჩუა 2018 წლის მაისში იყო დაკავებული, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მაშინ „ბათუმელები“ წერდა, რომ მათი ინფორმაციით, ჩაჩუა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული. გათავისუფლების შემდეგ ჩაჩუამ განაცხადა, რომ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა და მხოლოდ მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა.