ადვოკატები, ომარ ფურცელაძე და მარიკა არევაძე დღეს, 6 ოქტომბერს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, იმყოფებოდნენ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში. ციხის დატოვების შემდეგ ორივე მათგანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათთვის მიწოდებული ცნობების მიხედვით, პატიმრები შიმშილობენ.
მარიკა არევაძემ დღეს გიორგი დავითაძე და საბა სხვიტარიძე მოინახულა, ომარ ფურცელაძემ – მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბექა შენგელია.
„გიორგისთან მქონდა ხანგრძლივი საუბარი და ამ პირადი კომუნიკაციის შემდეგ ეჭვი არ მეპარება მისი მონათხრობის ნამდვილობაში. ბრძოლის განწყობაზეა !
როგორც შევიტყვე, პატიმრები შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, რომ ვიდეომასალაში მყოფი ყველა ბადრაგი იქნას ჩამოშორებული საქმიანობას!“ – დაწერა არევაძემ სოციალურ ქსელში.
„რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას საკანში მყოფ პატიმრებს, რასაც მოჰყვა კიდეც რამდენიმე ინციდენტი. ბექას ცნობით, ადგილზე შიმშილობს მინიმუმ 4 პატიმარი.ბექა, პროვოკაციის ან/და რაიმე უკანონო საგნის “ჩადების” თავიდან არიდების მიზნით, აპირებს არ დატოვოს საკანი.ბექა სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ციხის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ყველა შესაძლო გართულებაზე“, – დაწერა ფურცელაძემ.
